სკოლის მოსწავლეებისათვის საზაფხულო ეკობანაკი მოეწყო

სკოლის მოსწავლეებისათვის კოლხეთის ეროვნულ პარკში საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“ მოეწყო.
ეკობანაკში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმყოფებოდა და მოსწავლეებთან ერთად ეკო-ტურში მიიღო მონაწილეობა. ეკობანაკელები კოლხეთის ეროვნული პარკის ტურისტულ სერვისებს ადგილზე გაეცნენ და პალიასტომის ტბაზე პანტომით პარკის ბიომრავალფეროვნება დაათვალიერეს.
ბანაკის პროგრამა მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების (ჯომარდი, სამთო ველოსიპედებით რბოლა, Zip-Line ტური და ა.შ.) მეშვეობით უზრუნველყოფს.
ეკობანაკებში მონაწილეობა გადაცემა „ეკოვიზიის“ ვიქტორინის, პროექტის „SPARE” კონკურსის, ორგანიზაციის „მოქალაქე“ სამოქალაქო ოლიმპიადისა და კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულმა ბავშვებმა ასევე, გადაცემა „ეკოვიზიის“ წამყვანებმა და გადამღებმა ჯგუფმა მიიღეს.
ბანაკის აქტივობები მუდმივად გაშუქდება ეკოვიზიის ეთერით, რომელიც გადაიცემა ყოველ შაბათს 11:00 საათზე და კვირას 17:00 ტელეკომპანია GDS-ის ეთერით.
მინისტრმა გარემოსდაცვით საკითხებზე მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხა და ფრინველთა დარგოლვის პრაქტიკულ მეცადინეობაში მოსწავლეებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ეკობანაკის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება შემდეგი გარემოსდაცვითი მიმართულებებით: ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა; ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა; განახლებადი ენერგია, ენერგიის დაზოგვა/ენერგოეფექტურობა; ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპების დანერგვა; ბუნებაში ორიენტაციის უნარი; ბუნებაში მოქცევა და უსაფრთხოების წესების დაცვა; სამოქალაქო აქტივობის გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები