ილია მეორე: ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფასეულობა
„ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფასეულობა, ჩვენი ქართული, ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა“, – ამის შესახებ კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
„ქართული მეცნიერება, სულიერება იმდენად ძლიერია და იმდენად მაღლა დგას, რომ ბევრი რამ უცხო ქვეყნებმა შეიძლება საქართველოსგან ისწავლონ“, – ბრძანა უწმინდესმა და დასძინა, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა.
ქადაგებისას პატრიარქმა საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.
„საბერძნეთში არის ხალხის გამოკითხვა, სურთ თუ არა დარჩნენ ევროკავშირში, ევროსაბჭოში. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფასეულობა, ჩვენი ქართული, ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა. ჩვენ ბერძენ ხალხს ვუსურვებთ, მშვიდობამ დაისადგუროს მათ გულში, მათ ქვეყანაში. მით უმეტეს, როცა ჩვენ გვიჭირდა, მრავალი ქართველი საბერძნეთში წავიდა და იქიდან ეხმარებოდა საქართველოს და ოჯახებს. ვფიქრობ, ეს განსაცდელი საბერძნეთში გაივლის. ეს განსაცდელი არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ მთელს მსოფლიოშია. ყველაფერი დამშვიდდება და თავის კალაპოტში ჩადგება”, – ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.