კომუნიკაციების ეროვნული კომისია მთავრობის სახელით გაგზავნილ მესიჯებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
საზოგადოების ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია შპს „მაგთიკომის“ მოკლე ტექსტური შეტყობინების სათაურმა – მთავრობა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტებებს აკეთებს. როგორც კომისიაში აცხადებენ, მობილურმა ოპერატორებმა საქართველოს მთავრობის 723-ე დადგენილებით განსაზღვრული, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ქვეყანაში ანალოგიური მაუწყებლობის სიგნალის გადამცემი სადგურების გათიშვის თაობაზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები სათაურით “მთავრობა” გააგზავნეს.
“კვირა” კომისიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “კომისიის თხოვნით, მობილურმა ოპერატორებმა შპს „მაგთიკომმა“, შპს „მობიტელმა“ და შპს „ჯეოსელმა“, საკუთარ აბონენტებს დაუგზავნეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, საქართველოს მთავრობის N723 დადგენილებით განსაზღვრული, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში საქართველოში ანალოგური მაუწყებლობის სიგნალის გადამცემი სადგურების გათიშვის გრაფიკის თაოაბზე.
საზოგადოების ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია შპს „მაგთიკომის“ მოკლე ტექსტური შეტყობინების სათაურმა – მთავრობა. კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოსახლეობის დამატებით ინფორმირების მიზნით, მოკლე ტექსტური შეტყობინებები მობილური აბონენტებისთვის დაიგზავნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თხოვნით და მთავრობას ან რომელიმე სამთავრობო უწყებას შპს „მაგთიკომის“ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში დაშვებულ შეცდომასთან კავშირი არ აქვს”, – ნათქვამია განცხადებაში.