ბათუმში დაჭრილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა
ბათუმში დაჭრილი 17 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ ექიმმა ზურაბ ჩიხლაძემ ოპერაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ქირურგმა განმარტა, დაჭრილს ხუთი ჭრილობა აქვს, მათგან ერთი გამჭოლი – გულმკერდის არეში.
“გულის პერანგში შემავალი ჭრილობა და გულის კედლის დაზიანება ჰქონდა, რის შედეგადაც დაგროვდა სისხლი. პაციენტს აქვს ხუთი ნაკვეთი ჭრილობა, მათგან ერთი შემავალი ჭრილობაა გულმკერდის ღრუში, სამი ჭრილობა გულმკერდის ზედაპირზე, ხოლო ერთი – ხელზე. პროგნოზირება არის რთული, ამჟამად მისი პარამეტრები სტაბილურია, სიცოცხლის ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია”, – აღნიშნა ზურაბ ჩიხლაძემ.
ექიმის განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ბათუმში, 6 მაისის პარკში 19 წლის ბიჭმა 17 წლის გოგონა დანით დაჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, შეყვარებულები იყვნენ. მათივე თქმით, წყვილმა პარკში კამათი დაიწყო, რა დროსაც ბიჭმა გოგონას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბრალდებული იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.