თბილისის საკრებულოში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესს განიხილავენ

თბილისის საკრებულოს დეპუტატები კომისიების გაფართოებულ სხდომაზე 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესს განიხილავენ.
სხდომას განათლებისა და კულტურის, საერთაშორისო ურთიერთობის, საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, ურბანული და სხვა კომისიების წევრები ესწრებიან.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაზარალებულები ორ კატეგორიად იყოფიან: ოჯახები, რომლებმაც საცხოვრებელი სახლები დაკარგეს და მათი სახლები აღდგენას არ ექვემდებარებიან და ოჯახები, რომელთა საცხოვრისებიც აღდგენას ექვემდებარება.
მერის მოადგილის თქმით, აღნიშნული წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. კერძოდ, სულადობის მიხედვით ფართისთვის თანხის გამოყოფას და ასევე საბაზრო ღირებულებით იმ ქონების გამოსყიდვას, რაც დაზარალებულებს სტიქიის ადგილზე გააჩნდათ.
გამომდინარე ამ წესიდან, დაზარალებულებს მათთვის მისაღები ვარიანტის არჩევა შეეძლებათ.
რაც შეეხება ოჯახების სულადობის საკითხს და ამის მიხედვით გაცემულ კომპენსაციებს, ლექვინაძის თქმით, ერთი და ორწევრიანი ოჯახებისათვის 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური კომპენსაცია თანხობრივად გაიცემა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისათვის – 65 კვ.მ ფართის ადეკვატური კომპენსაცია; ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისათვის – 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური კომპენსაცია; შვიდი და მეტწევრიანი ოჯახისათვის კი, 110 კვ.მ ფართის ადეკვატური კომპენსაცია.
ასევე, ოჯახები საოჯახო პაკეტისათვის თანხასაც სულადობის მიხედვით მიიღებენ.
კერძოდ კი, ერთი და ორწევრიანი ოჯახისათვის გათვალისწინებულია 8 000 ლარი; 3-4 წევრიანი ოჯახისათვის – 8 700 ლარი; 5 და 6 წევრიანი ოჯახისათვის – 9 400 ლარი; ხოლო 7 და მეტი წევრიანი ოჯახისათვის – 10 500 ლარი.
ლექვინაძის ინფორმაციით, ოჯახების დაკმაყოფილება რიგითობით მოხდება.
კომპენსაციის პროცესში რიგითობის მიხედვით პრიორიტეტი მიენიჭება პირველ რიგში ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები განადგურდა, ან დაზიანდა, მაგრამ მათი აღდგენა ნორმალური საცხოვრებელი პირობებით შეუძლებელია. მეორე შემთხვევაში იმათთვის, ვინც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ადგილი, ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ჰყავთ 14 წლამდე, ან 80 წელს გადაცილებული პირები და სხვ.
მერის მოადგილის თქმით, თუ წესი ხვალ საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება, მისი განხორციელება ორშაბათიდან დაიწყება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები