სულხან მოლაშვილი, ლევან მამალაძე და ემზარ კვიციანი საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან

ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საზოგადოებრივ მოძრაობას – “სახალხო სამართალს” ქმნიან – ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. საზოგადოებრივი მოძრაობის “სახალხო სამართალის” მიერ გავრცელებული განცხადება, პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ლექსო კობაიძემ წაიკითხა.
დღევანდელ პრესკონფერენციას ემზარ კვიციანი ესწრებოდა, ხოლო ლევან მამალაძე და სულხან მოლაშვილი “სკაიპის” საშუალებით ჩაერთნენ.
“ფართო საზოგადოების სურვილის საფუძველზე დაყრდნობით, ჩვენ ვქმნით მოძრაობას “სახალხო სამართალს”. ყველას, ვისაც ღირსება შეგილახეს, ყველას, ვისაც კუთვნილი წაგართვეს, ყველას, ვისაც წლობით გაწამებდნენ და უსამართლოდ გკეტავდნენ საპყრობილეში, მოღალატედ გაცხადებდნენ და გდევნიდნენ, ვის თავზეც წისქვილის ქვები დატრიალდა, მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ და ერთად აღვადგინოთ რეალური, სახალხო სამართალი. ერთად ვამხილოთ სისხლიანი ზონდერები. ერთად ვამხილოთ ჯალათი პროკურორები და მოსყიდული მოსამართლეები. მივმართავთ სააკაშვილის რეჟიმით რეპრესირებულ მოქალაქეებს და დაღუპულთა ახლობლებს, რომ შემოგვიერთდნენ, რათა ერთად მივაღწიოთ სამართლიანობის ჭეშმარიტ აღსრულებას. სწორედ ერთად, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე დაყრდნობით შევძლებთ უპრეცედენტო სახალხო სასამართლოს გამართვას და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის გასამართლებას. პასუხს ვაგებინებთ ყველა დამნაშავეს და მოღალატე ჩინოვნიკს, რათა გაიწმინდოს სახელმწიფო სტრუქტურები და ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგეს. ერთობლივი ძალებით დავიბრუნებთ წართმეულ ღირსებას და რეალურად შევძლებთ საქართველოში სამართლიანობის აღდგენას. ჩვენ – ხალხმა უნდა უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის უფლების დაცვა და სამართლიანობა”, – ნათქვამია ერთობლივ მიმართავში.
როგორც ემზარ კვიციანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლებაში საბოტაჟია ან შეგნებულად სამართლიანობის აღდგენა შეჩერებულია. მისივე ინფორმაციით, 7 თვის წინ კოდორის მოსახლოებამ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, თუმცა საგამოძიებო უწყებისგან არავითარი რეაგირება არ ყოფილა.
როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოყალიბების პროცესშია და სამოქმედო გეგმა მოგვიანებით დაანონსდება. მან აქციებიც არ გამორიცხა იმ საელჩიების წინ, “რომლებიც ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენაში ხელს უშლიან”.
როგორც ქვემო ქართლის ყოფილმა რწმუნებულმა “სკაიპით” ჩართვისას აღნიშნა, ხელისუფლება ვერ ახერხებს, ან არ ახერხებს სამართლიანობის აღდგენას. მისივე თქმით, გამოდის, რომ სააკაშვილი ოდესიდან მართავს პროცესებს. ლევან მამალაძის თქმით, ეს არ არის არანაირი პოლიტიკური მოძრაობა, არამედ ეს არის იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებმაც სამართლიანობის აღდგენას ვერ მიაღწიეს და ასეთი ბევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები