მაშველებმა მტკვრიდან რამდენიმე ცხოველის ლეში ამოიტანეს – ფოტოკოლაჟი
ბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს დილიდან მდინარე მტკვარზე გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე პარალელურ რეჟიმში მუშაობს 30 ერთეული მძიმე ტექნიკა. მდინარიდან ამოტანილია 13 ივნისის სტიქიის შედეგად ვერეს ხეობიდან ჩატანილი ნაშალი მასალა და ხის მორები.
მერიის ინფორმაციით სამძებრო სამუშაოების გამარტივების მიზნით, გუშინ ღამის 12 საათიდან ორთაჭალჰესის ფარები გაიხსნა, რამაც მტკვრის დონის ცვლილება გამოიწვია. მტკვრის დონის დაწევის შემდეგ დღესვე მაშველებმა მდინარიდან რამდენიმე ცხოველის ლეში ამოიტანეს.
გაწმენდითი და სამძებრო ღონისძიებების მიმდინარეობას დილიდან თბილისის მერი დავით ნარმანია აკვირდებოდა. დედაქალაქის მერმა მეტეხის საგვირაბო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ხიდების ქვეშ მდინარე მტკვრის დონის დაწევის შემდეგ ნაპოვნი რკინის კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი დაათვალიერა.
„ინტენსიურად მიმდინარეობს მდინარე მტკვრის კალაპოტის გასუფთავება, სტიქიის დროს მდინარემ სხვადასხვა სახის ნაშალი მასალა ჩამოიტანა. მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახური და თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები. სამუშაოები კოორდინირებულია ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებთან და ვფიქრობთ, რომ დღის განმავლობაში ამ სამუშაოების ძირითად ნაწილს დავასრულებთ და გათავისუფლდება მდინარე მტკვრის კალაპოტი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.