დენის ანტონიუკი მიხეილ სააკაშვილს პოპულიზმში ადანაშაულებს

 

დენის ანტონიუკი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან დროებით გადააყენა, ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს პოპულიზმში ადანაშაულებს. ამ ინფორმაციას ტელეარხი „უკრაინა 112“ ავრცელებს. ანტონიუკის თქმით, სააკაშვილის სიტყვები საავიაციო დარგის მიღწევების შესახებ უბრალო პოპულიზმია, ხოლო მის დროს შექმნილი გადამზიდავების უმეტესობა გაკოტრებულია. მისი თქმით, მთელი ქართული ავიაცია თურქეთს ეკუთვნის.

„თურქები მართავენ აეროპორტებს, თურქები ნომერ პირველი გადამზიდავები არიან ბაზარზე, ამიტომ ყველა სამუშაო ადგილი, გადასახადები და მოგება მიდის თურქეთში. სააკაშვილის მიერ დასახელებულ პერიოდში ქართული ავიაბაზარი სამჯერ გაიზარდა, უკრაინის კი – ხუთჯერ, ასე რომ, მე ჩემი სფეროს განვითარებაზე პასუხს ვაგებ “, – განაცხადა ანტონიუკმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე სააკშავილმა ანტონიუკი კორუფციაში დაადანაშაულა. ოდესის გუბერნატორის თქმით, „ღია ცის“ პრინციპი არაფერს შეცვლის, ხოლო ბილეთების ფასი არ დაიკლებს, თუ გარკვეული კომპანიების მონოპოლია შენარჩუნდება. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო საავიაციო სამსახურში გამოძიების ბრძანება გასცა, ხოლო დენის ანტონიუკი თანამდებობიდან დროებით გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები