ტუნისში პოლიციამ ორი დღის წინ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებული პირები დააკავა
ტუნისის პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ქალაქ სუსში ტურისტებზე თავდასხმას შეიძლება უკავშირდებოდნენ.
ამის შესახებ დღეს ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. სამართალდამცველები დარწმუნებულები არიან, რომ სეიფუდინ არ-რეზკი, რომელმაც 40 ადამიანი მოკლა, მარტო არ მოქმედებდა. თვითმხილველებმა მედიას შეატყობინეს, რომ ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე მათ რამდენიმე საეჭვო პირი დაინახეს, რომელთა შორის არ-რეზკიც იყო. Sky News Arabia-ს ცნობით, უკვე დააკავეს არ-რეზკის მამა და მისი მეზობლები.
ტუნისის ისტორიაში ყველაზე სერიოზული ტერორისტული შეტევა 26 ივნისს მოხდა. ადგილობრივმა სტუდენტმა სეიფუდინ არ-რეზკიმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე, საერთო ჯამში, 40 ადამიანი მოკლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო.