ირლანდიის პრეზიდენტი ქართულ ეკლესიას ესტუმრა და 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა (ფოტოკოლაჟი)
ირლანდიის პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში არსებულ ქართულ ეკლესიას ესტუმრა და ტრაგედიის ღამეს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. პარაკლისი დევიდ ლორენგანმა და მამა გიორგი (ტრაპაიძემ) გადაიხადეს. პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა საქართველოში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის გამო. პრეზიდენტს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი, ქართული დიასპოროს წარმომადგენლები, ირლანდიაში არსებული ქართული ანსამბლის – National Rhythm of Georgia-ს წევრები და მათი ხელმძღვანელი ლაშა საბაშვილი და მომღერალთა გუნდი Mixed Melodies-ი დახვდნენ. სპეციალურად ირლანდიის პრეზიდენტის საპატივცემულოდ შესრულდა ქართული ტრადიციული სიმღერები. პრეზიდენტმა ქართული ღვინოც დააგემოვნა, რის შემდეგაც ანსამბლის წევრებმა მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.