ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ისევ biletebi.ge გაყიდის
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის ზვიად სიჭინავას მტკიცებით, ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ისევ კომპანია biletebi.ge გაყიდის. როგორც სიჭინავამ განაცხადა, ამის თაობაზე იგი უეფას წარმომადგენელს ესაუბრა.
“8 თვის განმავლობაში საქართველოში უეფას წარმომადგენელი, დელეგატი მუშაობს, რომელმაც ყველა ის კომპანია აირჩია, რომელიც სუპერთასის თამაშს მოემსახურება. საუბარია არა მხოლოდ ბილეთების გაყიდვაზე, არამედ კვებაზე, ტრანპორტირებაზე, პარკინგზე და ასე შემდეგ. ფეხბურთის ფედერაციამ თავის დროზე გერმანიის თამაშის წინ ძვირად ღირებული პროგრამა შეიძინა, რომელშიც 60 ათასია გადახდილი და დატესტილია გერმანიის თამაშზე. მაშინ ამ პროგრამით 12 ათასი ბილეთი გაიყიდა. ვთხოვეთ უეფას, ჩვენთვის მოეცათ ბილეთების გაყიდვის საშუალება, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან კომპანია biletebi.ge-ს 6-წლიანი გამოცდილება აქვს და უპირატესობა მას მიანიჭეს”, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
დღეს ფეხბურთის ფედერაციაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება, სადაც გახდება ცნობილი სად, როგორ და როდიდან გაიყიდება სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთები. წარმოდგენილი იქნება განმარტებითი ვიდეო-რგოლი. ამის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ზვიად სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი დავალება ფედერაციას უეფამ უკვე მისცა.