2015 წლის პრემია „დურუჯში“ მონაწილე კანდიდატები გამოვლინდნენ
2015 წლის პრემია “დურუჯზე” წარდგენილ კანდიდატთა ნუსხა უკვე ცნობილია. „დურუჯი“ 2014-2015 გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის:
საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14.000 ლარს;
საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;
საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი _ გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
„დურუჯის“ პარტნიორი კომპანია „რედიქსის“ გენერალური დირექტორმი ლაშა პაპაშვილი დარწმუნებულია, რომ ჟიური ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„როგორც ყოველთვის, დაჯილდოების ცერემონიას და საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენას განსაკუთრებული მოუთმენლობით ელიან თეატრალური სფეროს წარმომადგენლები – დაძაბულობა და ინტერესი პიკს აღწევს. სასიხარულოა, რომ „დურუჯი“ კვლავაც ინარჩუნებს თეატრალურ სფეროში დაწესებული ყველაზე პრესტიჟული კერძო პრემიის სახელს. დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის, ჩვენი კომპეტენტური ჟიური ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და პრემიის ლაურეატის წოდებას ღირსეულ კანდიდატებს მიანიჭებს“, – აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.
საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის“ მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ უკვე მეშვიდედ გაიცემა. წელს საბუთების წარდგენის ვადა 8მაისს ამოიწურა. სულ შემოტანილ იქნა 22 თეატრის 37 განაცხადი. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აფასებდა. პრემიის ლაურეატების გამოსავლენად კი საბოლოო ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა სადღესასწაულო ცერემონიაზე გახდება ცნობილი. საზეიმო ცერემონია შემოდგომაზე, ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში გაიმართება.
კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერები – ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ჟურნალი „ფოკუსი“ და რადიო „ფორტუნა“ არიან, გარდა ამისა მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ველნესცენტრი „კლუბი 71“, გამომცემლობა „დიოგენე“, მაღაზიათა ქსელი „ისი-პარ“, მაღაზიათა ქსელი „ევიტა-პერონი“, ყვავილების მაღაზია „ფრეზია“, „ირაკლი წულაძე ქანდაკება“, სასტუმრო „კაბადონი“, სასტუმრო „ლეპორტი“, „რედ-ფურშე“, „ყვარლის მარანი“.