უკრაინის საავიაციო სამსახურის ხელმძღვანელი სააკაშვილთან კონფლიქტის შემდეგ თანამდებობიდან გადააყენეს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ხელმძღვანელი დენის ანტონიუკი უწყების საქმიანობის შემოწმების პერიოდში თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ პოროშენკომ ფეისბუქში დაწერა. „მე შევხვდი ოდესის გუბერნატორს და ინფრასტრუქტურის მინისტრს. მოვისმინე სააკაშვილის და პივოვარსკის არგუმენტები. ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ საავიაციო სამსახურში ჩატარდება გამოძიება, ხოლო მისი ხელმძღვანელი ანტონიუკი ამ შემოწმების ჩატარების პერიოდში თანამდებობიდან გადაყენებული იქნება“, – დაწერა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი მიხეილ სააკაშვილსა და დენის ანტონიუკს შორის საავიაციო კომისიის სხდომაზე მოხდა. სააკაშვილი უწყებაში არსებულ კორუფციაზე საუბრობდა და მისი ხელმძღვანელი ოლიგარქების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ ანტონიუკმა სააკაშვილს ურჩია, „უაზრო ყბედობა“ შეწყვიტოს. რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის მიმართ კრიტიკისთვის ივანო-ფრანკოვსკის ოლქის პროკურორი გადააყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები