ეკონომიკის სამინისტროს შენობის პრივატიზაციაზე აუქციონი სრულდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი დღეს დასრულდება. საწყისი საპრივატიზებო ღირებულება კი 6 მილიონი ამერიკული დოლარია.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა განაცხადა, აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია 2016 წლის 1-ლი იანვრიდან 36 თვის ვადაში, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე სასტუმროს შექმნა და ფუნქციონირების დაწყება, უზრუნველყოს.
სისაურის თქმით, უძრავი ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს 4.200 კვმ და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას, ფართით 11.200 კვმ. ობიექტს გააჩნია ასევე ინდივიდუალური ტერიტორია პარკინგისთვის.
„ა/წ 29 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად გამოიტანა თბილისში, ჭანტურიას ქუჩა #12-ში არსებული შენობა, რომელშიც თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული. საწყისი საპრივატიზებო ღირებულება განსაზღვრულია 6 მილიონი აშშ დოლარით. ასევე პირობებში წერია, რომ მყიდველის მიერ უზრუნველყოფილ იქნას აუქციონის დასრულებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საპრივატიზებო უძრავი ქონებით, უსასყიდლოდ, გამყიდველის და გამყიდველის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ის სარგებლობა“,- განაცხადა სისაურმა.