თამაზ ელიზბარაშვილი დავით ნარმანიას თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მიწის ფართობის გამოყოფას სთხოვს
ძაღლების თავშესაფარის ხელმძღვანელმა თამაზ ელიზბარშვილმა თბილისის მერს დავით ნარმანიას განცხადებით მიმართა.
ელიზბარაშვილი დედაქალაქის მერს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 3000კვ/მ მიწის ფართობი გამოყოფას სთხოვს.
“ბატონო დავით, თქვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ 13 ივნისის წყალდიდობამ მიწასთან გაასწორა ჩემს საკუთრებაში არსებული ძაღლების თავშესაფარი, რომელიც 2004 წლიდან მდებარეობდა გივი სვანიძის 30 ნომერში. ეკონომიკის სამინისტრომ სამგორის რაიონში კაიროს 26 ნომრის მოპირდაპირე მხარეს, ყოფილი სოკოს სათბურების ტერიტორიაზე, გამოგვიყო ფართი დროებითი სარგებლობისთვის. მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ დიდხანს აქ ვერ დარჩება ძაღლების თავშესაფარი, რადგანაც ინფრასტრუქტურა არ არის გათვალისწინებული ამ ტიპის დაწესებულებისათვის. ასეც რომ არ იყოს, ესაზღვრება მოსახლეობა და ვერც მოქმედი კანონმდებლობის ნორმებში ვერ ჯდება. თქვენი კეთილგანწყობა და სატელევიზიო ინტერვიუებში გაკეთებული შემოთავაზება მაძლევს დამატებით სტიმულს და გთხოვთ, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გამოგვიყოთ 3000კვ/მ მიწის ფართობი, რათა საზოგადოების მხარდაჭერით ავაშენოთ ევროპული სტანდარტების ძაღლების თავშესაფარი, რომელიც საამაყო იქნება ჩვენი ქალაქისათვის და ზოგადად ქვეყნისთვის. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.