სერია „ამერიკელების“ მორიგი წიგნის – ჯეფრი იუჯინიდისის „თვითმკვლელი ქალწულების“ პრეზენტაცია გაიმართა
25 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბმა და გამომცემლობა „დიოგენემ“ სერია „ამერიკელების“ მორიგი წიგნის – ჯეფრი იუჯინიდისის „თვითმკვლელი ქალწულების“ პრეზენტაცია გამართა. რომანი მთარგმნელმა თამარ ლომიძემ და პოეტმა და მთარგმნელმა გია ჯოხაძემ წარადგინეს.
„თვითმკვლელი ქალწულები“ ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ჯეფრი იუჯინიდისის (1960) პირველი რომანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს. ლისბონების გოგონების – ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდების – თითოეული ნაბიჯი თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და, ამავე დროს, ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარმოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში.