სომხეთში საპროტესტო აქციები, ერევნის გარდა, სხვა ქალაქებშიც გაიმართა

ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ აქციები, ერევნის გარდა, სომხეთის 4 ქალაქში გაიმართა. ხალხი ქუჩებში გამოვიდა გიუმრიში, ვანაძორში, აშტარაკსა და აბოვიანში. ამის შესახებ Armenia Today იუწყება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ერევანში ბაგრამიანის გამზირზე კვლავ ათასობით ადამიანია შეკრებილი. ასევე იგეგმება პიკეტების გამართვა საზღვარგარეთ სომხეთის საელჩოების შენობებთან. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიციელებს აქტიური მოქმედების მცდელობა არ ჰქონიათ. მათ რკინის ღობეები აღმართეს, ხოლო თავად სამართალდამცველები და მათი ტექნიკა ოდნავ მოშორებით არის განლაგებული.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები ერევანში 22 ივნისს დაიწყო. ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. 23 ივნისს, დილით, პოლიციამ აქცია დაარბია. მან წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა. ამის მიუხედავად, მომიტინგეები ბაგრამიანის გამზირზე ისევ შეგროვდნენ. რამდენიმე ადგილას მათ ნაგვის ბუნკერებიდან ბარიკადები აღმართეს. სოციალურ ქსელებში ერევნის საპროტესტო აქციებს უკვე უწოდეს ElectricYerevan.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები