Wikileaks – ამერიკული სპეცსამსახურები საფრანგეთის პრეზიდენტებს უსმენდნენ
აშშ-ს უშიშროების ნაციონალური სამსახური რამდენიმე წლის განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტების – ჟაკ შირაკის, ნიკოლა სარკოზის და ფრანსუა ოლანდის სატელეფონო საუბრებს უსმენდა. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი „ლიბერასიონი“ და ინტერნეტპორტალი „მედიაპარტი“ საიტ „ვიკილიქსიდან“ მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
ამ წყაროს ცნობით, პრეზიდენტების მიყურადება, როგორც მინიმუმ, 2006-დან 2012 წლამდე ხდებოდა. გარდა ამისა, ისმინებოდნენ მინისტრები, მაღალი რანგის თანამდებობის პირები, დეპუტატები და დიპლომატები. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მიიღო გადაწყვეტილება ნაციონალური უშიშროების და თავდაცვის საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ. ამ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირების გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თავის მხრივ, აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტო საფრანგეთის მაღალი რანგის თანამდებობის პირების მოსმენის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. „პრეზიდენტ ოლანდის საუბრების შესახებ ინფორმაციის მოძიება ჩვენს გეგმებში არ შედიოდა და არც ახლა შედის“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა ნედ პრაისმა.