ერევნის ცენტრში კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – ფოტოკოლაჟი
სომხეთის დედაქალაქის ცენტრში, ბაგრამიანის გამზირზე გრძელდება საპროტესტო აქცია. მისი მონაწილეები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას აპროტესტებენ. სხვადასხვა მონაცენემით, აქციაში 5-დან 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. აქციას უკვე დაარქვეს „სატარიფო მაიდანი“. ორშაბათს მიტინგის მონაწილეები ბაგრამიანის გამზირზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ. ისინი სერჟ სარგსიანთან შეხვედრას მოითხოვდნენ. თუმცა ამის საპასუხოდ პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა. 20-დე ადამიანი დაშავდა, ხოლო 200-ზე მეტი დააკავეს. მიუხედავად ამისა, იმავე დღეს აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ ანალოგიური მოთხოვნით. მათ ნაგვის ბუნკერების გამოყენებით ბარიკადებიც კი აღმართეს, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, განმეორებითი დარბევა აღარ მომხდარა.
კომპანია „სომხეთის ელექტროქსელები“ რუსულ კომპანია “ინტერ რაო-ს“ ეკუთვნის. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგია 1-ლი აგვისტოდან დაახლოებით 20%-ით უნდა გაძვირდეს. 2013 წლიდან ეს დენის ტარიფის აწევის მემამე შემთხვევა იქნება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ამ საკითხის მოსაგვარებლად მოლაპარაკების დაწყების შესახებ. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ მომიტინგეებს სომხეთის პარლამენტის დეპუტატები, ბიზნესნემები და შოუბიზნესის წარმომადგენლები შეუერთდნენ, რომლებმაც „ცოცხალი ჯაჭვი“ შექმნეს, რათა მიტინგის დარბევა არ დაუშვან.