შანიძის ქუჩაზე აღებული ნიმუშების პასუხი ორ დღეში გახდება ცნობილი
შანიძის ქუჩაზე, სასმელ წყალში აღმოჩენილ ფეკალიებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა დოლიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე სპეციალისტები ნიმუშის ასაღებად ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გააგზავნეს, პასუხი კი ორ დღეში გახდება ცნობილი.
„ჩვენ მიერ აღებულია 24 ნიმუში. უმეტესობაში აღმოჩნდა, რომ დარღვევები არ არის და ხარისხი შეესაბამება ნორმებსა და სტანდარტებს. დარჩენილი 6 ნიმუშის შედეგი გვეცოდინება დღეს. რაც შეეხება შანიძის ქუჩას, დღეს გავაგზავნეთ სპეციალისტები, გავრცელებული ინფრმაციის შესაბამისად, ნიმუშების ასაღებად. ორ დღეში გვეცოდინება პასუხი, რა მდგომარეობაა“,-განაცხადა ზაზა დოლიძემ.
დოლიძის თქმითვე, GWP-გადასულია ორმაგი ქლორირების მეთოდზე. „შესაბამისად, შეიძლება ონკანიდან აღებული წყალი იყოს ზედმეტად ქლორიანი, ამიტომ ონკანის მოშვებისას 2-3 წუთი დაველოდოთ, რომ ეს ქლორი გავიდეს. წყალი კი მოსახმარებლად საფრთხეს არ წარმოადგენს“,-აღნიშნა დოლიძემ.