თსუ-ს რექტორი სტიქიის ზონაში მომუშავე სტუდენტებს მადლობას უხდის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ სტიქიის ზონაში მომუშავე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უბედურებამ მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრა. ამის შესახებ პაპავას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“13 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ქვეყანამ უდიდესი მორალური და მატერიალური ზარალი განიცადა. უბედურებამ მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრა. მოქალაქეთა მიერ ბოლო დღეებში გამოვლენილი თანაგრძნობა და თანადგომა იმედით გვავსებს. იმ იმედით, რომ ასეთი მოქალაქეობრივი პოზიციით ჩვენ ნებისმიერ სირთულეს გადავლახავთ. საქვეყნო საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ჩვენი დროის გმირებს – ლაშა იობაშვილს, ივანე მეურმიშვილს და უჩა რაზმაძეს, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორს ლევან ჯანაშიას, რომლებმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სტუდენტებს, მოხალისეებს, რომლებმაც გამოავლინეს მოქალაქეობრივი პოზიცია და შეუპოვრად მონაწილეობენ მდინარე ვერეს ხეობის გაწმენდით სამუშაოებში. გმადლობთ! სწორედ, ასეთი ადამიანების მხრებზე დგას სახელმწიფო”, – წერია ვლადიმერ პაპავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.