უცხოეთის მედიასაშუალებები თბილისის წყალდიდობის მიზეზებს განიხილავენ (ვიდეო)
რა გახდა სტიქიური უბედურების მიზეზი და რატომ არ მომხდარა ვერეს ხეობაში მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა წინა ძლიერი წვიმების დროს? – ამ კითხვებს რუსეთის ტელევიზია „როსია-24“-ის გადაცემა „პოგოდას“ („ამინდის“) წამყვანი სვამს და თავადაც პასუხობს.
„ქართველი ეკოლოგები აცხადებენ, რომ წყალდიდობის ძირითადი მიზეზი რამდენიმე წლის წინ აშენებული მიწისქვეშა კოლექტორი გახდა. ხუთი წლის წინ მდინარე ვერეს ნაწილი მილში გაუშვეს, რადგანაც ის საავტომობილო გზის მშენებლობას ხელს უშლიდა. ამ კოლექტორში წყლის გამტარიანობა წამში 400 კუბურ მეტრს შეადგენდა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. წვიმების შედეგად მიმდებარე მთებიდან მდინარეში 2,5 მილიონი კუბური მეტრი წყალი ჩაიღვარა, ხოლო კოლექტორისკენ მიმავალი წყლის რაოდენობა მის გამტარიანობაზე ორჯერ მეტი – წამში 800 კუბური მეტრი აღმოჩნდა. ძალიან მალე მოგლეჯილმა ხეებმა, ქვებმა და ნაგავმა მილი ჩახერგეს, რამაც 10-მეტრიანი ტალღა გამოიწვია, რომელიც ქალაქს თავს დაატყდა.
ქართული მედიის ცნობით, ეს გზა და კოლექტორი 2010 წელს ნაჩქარევად დააპროექტეს და ააშენეს, რათა ადგილობრივი არჩევნებისთვის მოესწროთ. აუცილებელი ჰიდროლოგიური კვლევები არ ჩატარებულა, რაც აუცილებელია ამ ტიპის და მასშტაბის მშენებლობის დროს. ასეთი ნაგებობების აგების დროს, სპეციალისტების თქმით, ნალექების და წყალდიდობების შესწავლა ათწლეულების მანძილზე უნდა მომხდარიყო“, – ამბობს „პოგოდას“ წამყვანი