რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 2016 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარი დაუჭირა
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის დეკემბრის ნაცვლად სექტემბერში გაიმართება. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 339-მა დეპუტატმა, ხოლო 101 წინააღმდეგ გამოვიდა.
კანონპროექტის ავტორების თქმით, მთელ მსოფლიოში არჩევნები მაისიდან სექტემბრამდე ტარდება და ეს გადაწყვეტილება „ამომრჩევლების ინტერესების გათვალისწინებით“ იყო მიღებული, რათა მათ არჩევნებზე სიცივეში წასვლა არ მოუწიოთ. ამ ინიცატივის მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ სექტემბერში არასაპარლამენტო ოპოზიციას არჩევნების ჩაშლის და რუსეთში „მაიდნის“ მოწყობის მეტი შესაძლებლობა ექნება.
გარდა ამისა, ზოგიერთი პარტია არჩევნების გადმოწევის გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურს უწოდებს და საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ეს, სავარაუდოდ, მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ მოხდება.