კარასინი – რუსეთი მზად არის, წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს
რუსეთის ფედერაცია მზად არის, წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.
„ამ დღეებში მე ზურაბ აბაშიძეს ვესაუბრე. გადავეცი ჩვენი სამძიმარი, ვუთხარი, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო თბილისელ კოლეგებთან კავშირზე გავიდა და, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ დახმარების აღმოსაჩენად მზად ვართ. ასეთი თანამშრომლობა შარშან დარიალის ხეობაში შედგა, სადაც მეწყერი ჩამოწვა. ჩვემ მეზობელი ქვეყნები ვართ, კარგად გვესმის ერთმანეთის და საგანგებო სიტუაციებში დახმარების აღმოსაჩენად ყოველთვის მზად ვართ“, – განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება ორჯერ შესთავაზა, მაგრამ თბილისის პასუხი არ მიუღია.