უკრაინაში სიტუაციის გართულების გამო აშშ რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ კირბი, აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გართულების გამო, რუსეთის ფედერაციას ახალი სანქციების შემოღებით ემუქრება. ვაშინგტონი ამ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პრორუსი „ბოევიკები“ უკრაინის აღმოსავლეთში ახალი ტერიტორიის დაკავებას შეეცდებიან.
ეს განცხადება კირბიმ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, სეპარატისტები იყენებდნენ იარაღს, რომელიც მინსკის შეთანხმებებით აკრძალულია.
„ყველა ასეთი ქმედების შემთხვევაში ჩვენ სათანადო პასუხს გავცემთ, რაც რუსეთს დამატებით დანაკარგებს მოუტანს“, – განაცხადა კირბიმ.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რამდენად სერიოზული იყო „ბოევიკების“ შეტევები უკრაინის ჯარის პოზიციებზე დონეცკის ოლქში, კირბიმ განაცხადა, რომ ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გასცემს, ვინაიდან სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ინფორმაციას აგროვებს. „ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი განაგრძობს „ბოევიკებისთვის“ იმ დახმარებას, რასაც ადრეც ეწეოდა. უდავოდ საუბარია საერთაშორისო ნორმების და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაზე“, – აცხადებს ჯონ კირბი.