გასულ ღამეს „ბოევიკებმა“ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 90-ჯერ დაარღვიეს
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა მძიმე არტილერიიდან, ასევე სარაკეტო კომპლექსებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები 90-ჯერ დაბომბეს. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, გამოყენებული იყო ასევე ავტომატური იარაღი და ყუმბარმტყორცნები.
„შიროკინოს, მარინკის და მარიუპოლის მიმართულებით „ბოევიკებმა“ გამოიყენეს 152 მმ-იანი ჰაუბიცები, ასევე – 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნები. მათ ასევე დაბომბეს პესკის, ოპიტნოეს და კრასნოგოროვკის დასახლებები. საარტილერიო ცეცხლის პარალელურად, სეპარატისტებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე, თუმცა უშედეგოდ“, – ნათქვამია შტაბის ინფორმაციაში. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის პრესცენტრის უფროსის ანდრე ლიდენკოს განცხადებით, ყოველდღიურად უკრანის სამხედროების პოზიციების მიმართულებით 10 ათასზე მეტი ჭურვის გასროლა ხდება.