კადიროვი ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალცოლიანობის დაკანონების ინიციატივით გამოდის
ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადოროვს მიაჩნია, რომ ისეთ რეგიონებში, როგორიცაა დაღესტანი, ჩეჩნეთი და ინგუშეთი, მრავალცოლიანობა დაშვებული უნდა იყოს. მისი თქმით, ამის შესაძლებლობას ისლამი უშვებს.
„ჩვენ რუსეთის ფედერაციის კანონს არ ვარღვევთ. რუსეთში 25 მილიონი მუსულმანი ცხოვრობს და ჩეჩნეთში, ინგუშეთში და დაღესტანში მრავალცოლიანობა დაშვებული უნდა იყოს. ეს ძალზე ნორმალური დამოკიდებულებაა ქალების მიმართ და ვისაც ამის გამო ჩვენ ველურები ვგონივართ, თვითონ არის ასეთი“, – განაცხადა კადიროვმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, მრავალცოლიანობა იმისთვის არის საჭირო, რომ მამაკაცს არ ჰყავდეს საყვარლები, რომლებიც მას ჯანრთელობის კუთხითაც და სხვა მხრივ მრავალ პრობლემას უქმნის.
„თუ მამაკაცს ვინმე ჰყავს, ეს სუფთა სიყვარული უნდა იყოს და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში ქალს უნდა ჰქონდეს უფლება, გახდეს ამ კაცის კიდევ ერთი მეუღლე“, – განაცხადა კადორივმა.
შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა 16 მაისს გროზნოში გამართული ქორწილი 48 წლის ნაჟუდ გუჩიტოვსა და 17 წლის ლუიზა გოიდაბიევას შორის. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუჩიტოვს გოიდაბიევაზე ქორწინებამდე ერთი ცოლი უკვე ჰყავდა.