ლალი აფციაური: „ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი ინციდენტის თავიდან აცილება რთული იქნებოდა

ლალი აფციაური „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. უფლებადამცველი „კვირასთან“ აცხადებს, რომ, თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები, ან ზოოპარკის ადმინისტრაცია მოსახლეობას ცხოველების გარეთ ყოფნის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა, მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილება მაინც რთული იქნებოდა.

„ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან მძიმე ფაქტი… რასაკვირველია, მეტი მობილიზება იყო საჭირო. განცხადებებიც მეტი სიფრთხილით უნდა გაეკეთებინათ, რადგან ჯერ დაუდგენელი იყო, იმყოფებოდნენ თუ არა ცხოველები ქალაქში, მაგრამ ახლა,  კონკრეტულად ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი ძალიან არასწორი და ძნელია.

ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა წყნეთის ქუჩის მე-13 კორპუსის მაცხოვრებლები გააფრთხილეს, სთხოვეს, მათ კორპუსი უსაფრთხოების მიზნით დაეტოვებინათ და მაცხოვრებლები სხვადასხვა სასტუმროშიც გადაანაწილეს. მაგრამ, გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი მაინც არ დატოვა… ამ კორპუსში ჩემი უამრავი ნათესავი ცხოვრობს, ვიცი, ამ ადამიანების ფსიქიკა. სახლში არავინ დაჯდება, როცა საქმე აქვთ, მაინც გავლენ გარეთ.

იგივე მოხდა, ბაგების შემთხვევაშიც, მოსახლეობის ნაწილმა დაცალა საცხოვრებელი ადგილი, ნაწილი კი, დარჩა იქ… ამ პარალელით იმის თქმა მინდა, რომ ცხოველების გარეთ ყოფნის შესახებ განცხადება რომც გაევრცელებინათ, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილება მაინც რთული იქნებოდა.

მომხდარის გამო მეც შოკირებული ვარ! ეს ძალიან სამწუხაროა და, პირველ რიგში, მინდა გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო, ეს მთელი ერის მწუხარებაა. თითოეული ქართველის დაკარგვა მთელი ერის ტრაგედიაა! მაგრამ, ახლა პასუხისმგებლობაზე, მით უმეტეს ასეთ დაძაბულ სიტუაციაში, როდესაც სტიქიამ ფაქტობრივად ნახევარი თბილისი წალეკა, გვყავს ამდენი გარდაცვლილი, ძნელია ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ყველას და ყველაფერს მეტი მობილიზება, მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება, მაგრამ არ შემიძლია კონკრეტულად ვინმე დავადანაშაულო. ალბათ, ყველამ თანაბრად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე.

ცოტა ხნის წინ ავარიაში მოვყევი და ამ სამწუხარო მოვლენებს სახლიდან ვადევნებ თვალს, ამ დღეებში მე გადავავლე თვალი და ვნახე ზოოპარკის დირექტორის განცხადებაც, ასევე ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებაც, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ მაინც დაზუსტებით ვერ ვიტყვით, არიან თუ არა ცხოველები ქალაქში, ვინაიდან არ მინახავს ყველა გარდაცვლილი ცხოველის გვამიო… არის თუ არა გარეთ დარჩენილი რომელიმე მტაცებელიო. ეს განცხადებები ნამდვილად გაკეთდა და ყურადსაღები განცხადებები იყო. ყველას ერთად უნდა მიექცია ყურადღება. არა რომელიმე ერთ ცალკეულ პიროვნებას, არამედ, ხელისუფლებას, ჩვენც, მოქალაქეებს.

კონკრეტულ მისამართსაც ხომ ვერ მიუთითებდა ხელისუფლება, აქ არიან ცხოველები და ნუ გადაადგილდებითო, ისედაც ფრთხილობდა ქართველი ხალხი, მაგალითად მე, როგორც კი გამოცხადდა, რომ ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, იმავე წუთში ჩემი ოჯახის ყველა წევრს გადავურეკე და გავაფრთხილე, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოეჩინათ. ეს თავიდანვე მოისმინა თითოეულმა ქართველმა, ყველამ იცოდა და ყველა ფრთხილობდა, ვერც ხელისუფლება და ვერც ზოოპარკის დირექტორი კონკრეტულ მისამართს ვერ იტყოდა, ვინ გააკონტროლებდა, კონკრეტული მტაცებელი სად, რომელ ადგილზე იმყოფებოდა?! ისედაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, როდესაც ზრდასრული ადამიანი ხარ. აზროვნებ და გონება გიჭრის. ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ჩვენ ამის გამოცდილება არ გვქონია. ყველანი შოკირებულები და დაბნეულები ვართ. აქედან გამომდინარე, მიჭირს ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი. ნუ გაიშვერენ ხელს ნურავისკენ, იმიტომ, რომ ძალიან მძიმეა ეს ტვირთი, ძალიან მძიმე… მეცოდება ხალხი და ის ადამიანებიც, რომლებიც არ გაჩერებულან, არ უძინიათ, არ დამსხდარან… არ შემიძლია, არ ვისაუბრო რიგით მოქალაქეებზე, რომლებიც დღეს მოხალისეთა რიგებში არიან. როგორი თაობა გვყოლია, როგორ მიხარია, თითქმის ხელი მქონდა ჩაქნეული და ახლა, როცა ამ ბავშვებს ერთად ვხედავ, ამაყი ვარ უზომოდ! და ახლა ამ ყველაფრის ვინმეზე გადაბრალება, ამ ერთად დგომის ფონზე, არასწორია. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით დროულად და სწორად წარიმართოს. პირველ რიგში, დასადგენია, როგორ გაკეთდა ახალი გზა, რატომ მივიღეთ ეს შედეგი, ვის რა ზომები უნდა მიეღო…

მე ზუსტად იმ ტერიტორიაზე, ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. „ვერა-რეჩკა“ ძალიან კარგად ვიცი… მთელი ბავშვობა იქ გავატარე. ახალი გზაც, რა თქმა უნდა, საჭირო იყო, ქალაქში მოძრაობა მეტ-ნაკლებად განტვირთა და მეც მაგ გზით ვმოძრაობდი, მაგრამ გასარკვევია, როგორი ხარისხით იყო ის აშენებული. თავიდანვე იყო საუბარი, რომ მშენებლობა სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, წარმოუდგენელია, ამ რაოდენობის წყალი გაატარო ერთ მილში… მით უმეტეს, ყველასთვის ცნობილია და მეც არაერთხელ მინახავს, რომ ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი წვიმის დროს, წყლის დონე საკმაოდ იმატებს. როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იქ მშენებლობა დაიწყო, ამას მაშინვე მოჰყვა პროტესტი, მაგრამ ვინ მიაქცია ყურადღება… ანუ, ეს დღეს ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ეს მშენებლობა სწრაფ ტემპში დაასრულეს, პროექტის ავტორი, თუ მშენებელი კარგად გამოლანძღა სააკაშვილმა, მეორე დღეს დაჯდა სპორტულ მანქანაზე და აიქროლა და ჩაიქროლა ამ უხარისხოდ ნაშენებ ტერიტორიაზე. არ გინახავთ, ვაკე-საბურთალოს გადასასვლელთან, ცენტრალურ მაგისტრალთან კლდიდან ჩამოყრილი ლოდები? მე ბევრჯერ მინახავს, აი, როდესაც მთით გადადიხართ, იქ კლდიდან ქვები სულ ცვიოდა. ვფიქრობ, გამოძიება ამ საკითხს სჭირდება თავდაპირველად“, – განაცხადა „კვირასთან“ ლალი აფციაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები