ოტია იოსელიანის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული მწერლის მშობლიურ ქალაქში იმართება

16 ივნისს ცნობილ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს ოტია იოსელიანს 85 წელი შეუსრულდება. ამ იუბილესთან დაკავშირებით მწერლის მშობლიურ ქალაქ წყალტუბოში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება.
ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში დაიდგმება მის ნოველებსა და ლექსებზე აგებული სპექტაკლი.
ოტია იოსელიანი 1930 წლის 16 ივნისს სოფელ გვიშტიბში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული ლიტერატურის კურსები. მწერალს უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლება არ მიუღია, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მის მწერლად ჩამოყალიბებაში. თხზულებებს აქვეყნებდა 1954 წლიდან. მოთხრობების პირველი კრებული „კარის მეზობლები“ გამოსცა 1957 წელს. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს.
იოსელიანის რომანებში („ვარსკვლავთცვენა“, 1962; „ტყვეთა ტყვე“, „შავი და ცისფერი მდინარე“, 1975) მთავარია ომის თემა. ავტორი ყურადღებას ამახვილებდა ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზეც (რომანი „იყო ერთი ქალი“, 1970). იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები „ცხრა მთას იქით“, 1969; „დაჩის ზღაპრები“, 1973; „ცაგამთენია“, 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე („ადამიანი იბადება ერთხელ“, „როცა სიყვარული მოვა“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“) დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე.
ავტორია კინოსცენარებისა „ჩქარი მატარებელი“, „მალე გაზაფხული მოვა“, „თეთრი ქალიშვილი“ და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით. დაკრძალულია ქალაქ წყალტუბოში, საკუთარი სახლის ეზოში, მწერლის სურვილის თანახმად. ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები