გზების მშენებელი: ყველაფერი იყო გათვლილი… ერთადერთი, ვადაში ვიყავით შეზღუდულები

ძალიან დიდი მასა წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთზე ჩამოწვა და შემდეგ წამოვიდა ვერეს ხეობაში, – ამის შესახებ ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი გზის დამპროექტებელმა, გზების მშენებელმა თამაზ შილაკაძემ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

“პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ დღევანდელი საშინელი უბედურების გამო. ახლა ვიმყოფები ახალდაბაში, ე.ი. წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთზე, რომელიც ჩახერგილია სასტიკად, სოფელი მოწყვეტილია, არც სინათლეა, არც წყალი. ამ ღამეს კიდევ მუშაობა მიდის, რომ როგორმე აღდგეს და შესაძლებელი გახდეს სოფელთან კავშირი.

ეს გამოიწვია ძალიან დიდმა მოვლენამ, მოწყდა მთის ძალიან დიდი მასა, რომელმაც 500 მეტრის გზა ჩახერგა შემდეგ ეს ყველაფერი წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით ჩამოწვა და იქ ჩახერგა ყველაფერი, ბოლოს კი ეს მასა ჩავიდა ვერეს ხეობაში, სადაც ამ მასამ წყალი დააგროვა, მასა ბოლოს გაირღვა და მსვლელობა დაიწყო. აღნიშნულმა მასამ ახალ გზამდე ყველაფერი წალეკა. კოსტავას ქუჩისხელა მილი რომ ყოფილიყო, ამ წარღვნას ისიც ვერ გაატარებდა. კატასტროფა დაიწყო ახალდაბიდან”, – განაცხადა თამაზ შილაკაძემ.

რაც შეეხება მდ. ვერის კალაპოტს და მისი კალაპოტის შემცირებას, თამაზ შილაკაძე აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა. მისი თქმით, ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი გზის პროექტი ტენდერში მოიგო და ექსპერტიზაც გაიარა.

“პროექტირების პერიოდში ყველაფერი იყო გათვლილი. რასაკვირველია, იყო გათვლილი წყლის ადიდებაზეც, მდ.ვერის ისტორიაც იყო შესწავლილი, თუ რამდენად დიდდებოდა. ჩვენ გვქონდა პრეტენზია, რომ გმირთა მოედანზე მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები იყო დასამთავრებელი. მაგალითად, იქ ბენზინგასამართი სადგურები უნდა შეიწიოს და ერთი ზოლი დაემატოს, ცირკის პირდაპირ მთა უნდა ჩამოეჭრას და ერთი ზოლი დაემატოს. რაც შეეხება წყლის რეჟიმის შეცვლას, არ შეცვლილა, არც მისი კალაპოტი შეცვლილა და არც კალაპოტის ზომა. არსებობს ისტორია და შეუძლიათ შეადარონ. ჩვენ ეს პროექტი ტენდერში მოვიგეთ და გავლილი აქვს ექსპერტიზა. ჩვენ ეკოლოგები და ექსპერტები ჩავრთეთ და ერთადერთი, ვადაში ვიყავით შეზღუდულები და ხარისხი რომ არ დაგვეკარგა, დღე და ღამე ვმუშაობდით”, – აღნიშნა შილაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები