მესტიაში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა
მესტიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, მესტიის სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. ღონისძიებაში მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
პროკურატურის ინფორმაციით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს მესტიის რაიონულმა პროკურორმა ლაშა ფანჩულიძემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები გააცნო.
ახალგაზრდებმა პროკურორის დახმარებით თავად მოირგეს როგორც ბრალდებისა და დაცვის მხარეების, ასევე მოსამართლის როლიც და, საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, მტკიცებულებების გამოკვლევა ჩაატარეს.
პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა მონაწილეებს იმიტირებულ სასამართლო სხდომაზე სასამართლოს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილების მიზეზი განუმარტა და რეალურ სასამართლო პროცესებზე პროკურორის როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.