იურიდიულ საკითხთა კომისიაში მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. როგორც “კვირას“ საკრებულოდან აცნობეს, მოქალაქეებს კომისიის თავმჯდომარე – თედო კობახიძე შეხვდა და მათთვის აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაცია მოისმინა. მიღებაზე იმყოფებოდნენ არამხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც კომისიას სოციალურ ქსელ „Facebook“-ში არსებული ოფიციალური გვერდის „Tedo Kobakhidze Official”-ის საშუალებით უკავშირდებიან, არამედ ისინიც, რომლებმაც კომისიას განცხადებითა და წერილით მიმართეს. შეხვედრაზე მისული მოქალაქეებისა და კომისიის თავმჯდომარის საუბრის თემები სხვადასხვაგვარი იყო და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის გადახდას, დასაქმებას, შრომითი კანონიერი უფლებების დაცვას, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას და სხვა საკითხებს ეხებოდა. გარდა ამისა, საკრებულოს იურიდიულ კომისიაში მიღებაზე მისულმა მოქალაქეებმა, კომისიის თავმჯდომარეს იურიდიული კონსულტაციისა და რეკომენდაციების გაწევის თხოვნითაც მიმართეს. თედო კობახიძემ თითოეული ფაქტის შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოისმინა და მოქალაქეებს, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარებას დაპირდა. დღესვე, იურიდიულ საკითხთა კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირი“ იურისტი რობიზონ პაპიძე იმყოფებოდა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ, კომისიას ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების წინადადებით მიმართა. მემორანდუმის პროექტი, იურიდიულ საკითხთა კომისიაში გადაიგზავნა. განხილვისა და ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ, დღევანდელ შეხვედრაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიასა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი დადებითად გადაწყდა. „არასამთავრობო ორგანიზაციაში გაერთიანებული არიან, როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებიც. ჩვენ გვექნება ამ ადამიანებთან ურთიერთობა, მათ აქვთ წინადებები, საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივები. კომისია და პირადად მე, როგორც რიგითი დეპუტატი და ამავდროულად იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ვეცდები ამ ადამიანების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული“, – განაცხადა თედო კობახიძემ და აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომისიასა და ვეტერანთა ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. აღსანიშნავია, მოქალაქეები საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მათთვის საინტერესო საკითხებზე ინტენსიურად უკავშირდებიან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში დახმარება ათეულობით მოქალაქეს გაეწია. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში, აღნიშნულ ფორმატში, შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები