ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ცნობილი პოლიტოლოგი და ექსპერტი ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის პირად გვერდზე “საქართველოს რეფორმების ასოციაციის ერთერთი დამფუძნებელი“ სერგი კაპანაძე ავრცელებს.

“არაა ბევრი ადამიანი (ალბათ ორი-სამია სულ), რომელსაც ისე ვუყურებ, როგორც მენტორს, აღმზრდელს, მასწავლებელს და ზოგადად father-like figure-ს. ასეთი ადამიანი იყო ჩემთვის ალიკა რონდელი, რომელიც, ყველა ჩვენგანისთვის, სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა. მე თითქმის არ ვიცნობ მეორე ასეთ პრინციპულ, ჭკვიან, ქვეყანაზე შეყვარებულ, პირდაპირ, გამჭრიახ და სწორი ღირებულებების მქონე ადამიანს. არასოდეს დამავიწყდება მისი მამოტივირებული ხუმრებანარევი შეგონება პირველ კურსზე გამოცდის დროს – “ეგრე მიაწექ ყველა საქმეს და ყველაფერი გამოგივაო!”

მისი წასვლა უნივერსიტეტიდან იყო ჩემთვის და ბევრი ჩემნაირისთვის უტყუარი ნიშანი, რომ უნივერსიტეტში და ქვეყანაში დიდი პრობლემები იყო. მის მიერ შექმნილი GFSIS წლების განმავლობაში იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის და დღეს ალბათ არ არის ადამიანი, რომელიც მას არ უფასებს იმ უდიდეს წვლილს, რაც მან შეიტანა ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

საოცარი ადამიანი იყო და ძალიან დამაკლდება! მშვიდობით და ნათელში იყავით!!! საქართველომ დღეს კისინჯერის ტიპის ფიგურა დაკარგა ყოველგვარი გადაჭარბებს გარეშე!!! “, -წერს სერგი კაპანაძე.

ალექსანდრე რონდელი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ხელმძღვანელობდა. ის გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი იყო.

1991-1996 წ.წ.-ში ალ. რონდელი იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე, 1997-2001 წ.წ.-ში – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი. 1976-1977 წ.წ.-ში ალ. რონდელმა სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993-1994 წ.წ.-ში – ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს ალ. რონდელი იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს – მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), 1992, 1995 და 1997 წ.წ.-ში – უილიამს კოლეჯში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები