თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „პირველსხიველების“ შემოქმედებითი საღამო გაიმართა

10 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „პირველსხიველების“ შემოქმედებითი საღამო გაიმართა. 2015 წელს ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემიდან 65 წლის იუბილე შესრულდა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მასშტაბურად აღნიშნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ „პირველი სხივის“ სახელს უკავშირდება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატორთა თაობის ფაქტობრივად თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი მოღვაწის პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები.

უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა. უნივერსიტეტში ბევრი გამოჩნდა ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდა. ლიტერატურულ წრეს ხელმძღვანელობდა დოცენტი ბესო ჟღენტი. წრეს იმდენი ახალი წევრი შეემატა, იმდენი საყურადღებო ლიტერატურული მასალა დაგროვდა, რომ შესაძლებელი გახდა ალმანახის დაარსება, რისი ინიციატივა უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნის. ასე დაიბადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა ყოველწლიური ლიტერატურული ალმანახი „პირველი სხივი“, რომლის პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. ყოველ მომდევნო წელს ალმანახ „პირველი სხივის“ ახალი ნომერი გამოდიოდა. 2004 წლამდე სულ 30 ნომერი დაისტამბა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა თაობის „პირველსხიველებმა“. მათ შორის: ჯანსუღ ჩარკვიანმა, ტარიელ ჭანტურიამ, გივი ალხაზიშვილმა, გივი შაჰნაზარმა, თემურ ჩალაბაშვილმა, რევაზ ამაშუკელმა, ბესიკ ხარანაულმა, რევაზ მიშველაძემ, ტარიელ ხარხელაურმა, ელა გოჩიაშვილმა, ლია სტურუამ, ვახტანგ ჯავახაძემ, გიორგი კეკელიძემ, გაგა ნახუცრიშვილმა და თამარ ალადაშვილმა. ასევე, ცნობილმა მომღერლებმა და მუსიკალურმა ანსამბლებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები