უკრაინელი მხატვრის ოლგა პეტროვას პერსონალური გამოფენა სახელწოდებით: „თბილისი – ჩემი სიყვარული“ გაიხსნება
12 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში უკრაინელი მხატვრის ოლგა პეტროვას პერსონალური გამოფენა სახელწოდებით: „თბილისი – ჩემი სიყვარული“ გაიხსნება.
ფილოსოფიის დოქტორი ოლგა პეტროვა კიევში მოღვაწე გამოჩენილი მხატვარი, ხელოვნებადმცოდნე და კრიტიკოსია. მისი ნამუშევრები მრავალ ქვეყანაში გამოფენილა – დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, გერმანია, იაპონია, ინდოეთი, კიევი და სხვა მრავალი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ საქართველოს თემატიკაზე შექმნილი 20-მდე ფერწერული ტილო და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული სამი ოფორტი. ოლგა პეტროვა პირველად საქართველოში 1966 წელს ჩამოვიდა და შეხვდა ისეთ გამოჩენილ ხელოვანებს როგორიცაა: ე. ახვლედიანი, კ. იგნატოვი, ვ. ჯორბენაძე და ს. ფარაჯანოვი. გამოფენის კონცეფცია მხატვრობის მიღმა მოიცავს ავტორის წიგნ-ესსეებს, სადაც თბილისზე მოგონებებია აღწერილი.
დამთვალიერებელს ეძლევა საშუალება იხილოს ავტორის თვალით დანახული საქართველოს პეიზაჟები, ტაძრები და საქართველოზე მხატვრის ემოციებით შექმნილი ტილოები. გამოფენის დასრულების შემდეგ, მხატვარი 15 ფერწერულ ტილოს საჩუქრად გადასცემს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. გამოფენა 28 ივნისამდე გაგრძელდება.