სპექტაკლი „შეშლილის წერილები“ საერთაშორისო ფესტივალებზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლით „შეშლილის წერილები“ ივნისის თვეში საგასტროლო ტურნეს გამართავს.
14 ივნისს სპექტაკლი ბრატისლავაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „Eurokontext.sk“ წარდგება. 17 ივნისს მარჯანიშვილის თეატრს რუმინეთი, კერძოდ კი სიბიუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უმასპინძლებს. „შეშლილის წერილები“ 20 ივნისს მაკედონიაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში – „MNT“ მონაწილეობს.
ნიკოლაი გოგოლის „შეშლილის წერილები“ მარჯანიშვილის თეატრისა და Emilia Romagna Teatro Fondazione-ის კოპროდუქციაა. ქართულ-იტალიურ ორენოვან სპექტაკლში, რომელშიც იტალიელი და ქართველი მსახიობები იღებენ მონაწილეობას, იუმორითა და სიმსუბუქით არის გადმოცემული ადამიანის სულში დატრიალებული განცდებით გამოწვეული ტრაგედიები. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ზურა ბერიკაშილი, ნიკა კუჭავა, კოკო როინიშვილი, ანა გრიგოლია, რობერტა დესტეფანო, მასიმო სკოლა, ელეონორა ჯოვანარდი, ლეონარდო ლიდი. სპექტაკლის პრემიერა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები