ფილმ „მანდარინებს“ ევროპარლამენტსა და გაეროში აჩვენებენ
ეროვნული კინოცენტრიის ინფორმაციით, ევროპარლამენტში, ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმის „მანდარინების“ ჩვენება 29 ივნისისთვის არის დაგეგმილი, ორი თვის შემდეგ კი „მანდარინებს“ გაეროშიც ნახავენ.
„ფილმის შესახებ მრავალი შეფასება გაკეთდა. ერთ-ერთის მიხედვით, „მანდარინებმა“ მშვიდობის მიმართულებით პოლიტიკოსებზე მეტის გაკეთება შეძლო. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, მნიშვნელოვანია ის ჰუმანური მესიჯი, რომელიც ფილმში დევს. ფილმის საერთაშორისო წარმატების გარდა, ალბათ სწორედ ეს ჰუმანური გზავნილია, რითიც „მანდარინებმა“ ევროპარლამენტისა და გაეროს ყურადღება მიიპყრო“, – ამბობს ზაზა ურუშაძე.
კინოცენტრის ინფორმაციით, ესპანეთის შემდეგ, „მანდარინები“ საბერძნეთის კინოგაქირავების ლიდერია. ფილმის ჩაშვებიდან პირველივე ჩვენებაზე მან გაყიდვის მხრივ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. „მანდარინები“ სულ მალე საფრანგეთის, თურქეთის, ლათინური ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და ავსტრალიის კინოთეატრებშიც გამოვა.