იაპონური ზაფხულის ფესტივალი – “ნაცუ მაცური”
თავისუფალი უნივერსიტეტის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტი ნინო ჭანტურია იაპონური ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია. იაპონიით მისი დაინტერესება ადრეული ასაკიდანვე დაიწყო.
იაპონიაში სამი წელი ვიცხოვრე. თავიდან სამუშაოდ წავედი, სკოლასა და საბავშო ბაღში ენასა და კულტურას ვასწავლიდი. შემდეგ კი, სწავლა განვაგრძე. კულტურული შოკი გარდაუვალი აღმოჩნდა. ჩადიხარ განსხვავებულ ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა, ამ ქვეყნის შესახებ რამდენი იცი, რამდენი წაგიკითხავს მასზე, რამდენი გადაცემისთვის გიყურებია, უბრალოდ, როდესაც ჩადიხარ, რეალურად სულ სხვა იაპონია გხვდება… იყო ბევრი შეუჩვეველი ფაქტორი. საბედნიეროდ, იაპონურის ცოდნა დამეხმარა სიძნელეების დაძლევაში. აი, მაგალითად, ყველას ჰგონია, რომ ეს ქვეყანა ტექნოლოგიურად ზეგანვითარებულია, თუმცა ხალხი და ტექნოლოგია, მაინცდამაინც, ვერ გუობენ ერთმანეთს. უფასო Wi-Fi-ს ძნელად თუ სადმე გადააწყდებოდი.
ტარდება პირველი იაპონური ფესტივალი საქართველოში!
რატომ აქ?
პირველად, როდესაც იაპონური ფესტივალი ვნახე, ჩემი ოცნება გახდა, რომ საქართველოშიც გაკეთებულიყო მსგავსი „ანიმე-სტილის“ ფესტივალი. მაშინაც კი, როცა ვუყურებდი ინტერნეტში, სულ იმას ვფიქრობდი: „აი, რა მაგარია ეს ფესტივალი“, „რა მაგარია ეს ქოსფლეი“. თავიდანაც კი მსგავსი ივენთების მოწყობის მცდელობა მქონდა, მაგრამ არ ჩანდა ის „სერიოზული ადამიანი“, რომელიც ბოლომდე თავს მოაბამდა ორგანიზებას მე კი იმ დროს ასაკი არ მიწყობდა ხელს. იაპონიიდან მიღებულმა გამოცდილებამ, თუ რა როგორ უნდა მოხერხდეს, შედეგი გამოიღო. მაშინ, როდესაც არ არსებობდა ისეთი ადამიანი, რომელიც ითავსებდა ამ ყველაფერს, ვიფიქრე, რომ მოდი, მე და ნინო შაქარაშვილი გავხდებით ის ადამიანები, რომლებიც სხვისთვის აუხდენელ ოცნებას აახდენენ და საქართველოში იაპონური სტილის ფესტივალის მოწყობას შეეცდებიან. რატომაც არა? ყველაფერ ამასთან კი, საქართველოში არც ისე ცოტა „ანიმესა“ და იაპონიის მოყვარული მოიძებნება, რომლებთაც გაეხარდებათ ამ ფესტივალზე დასწრება.
თბილისში ჩამოსვლიდან, დაახლოებით რვა თვე ვმუშაობთ მე და კიდევ ერთი გოგონა, ნინო შაქარაშვილი, რომელიც ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტია. ფესტივალის დაგეგმვიდან 8 თვის განმავლობაში რიგ- რიგობით ვიძინებთ, ხან მე მძინავს ხან მას…
ფესტივალი იქნება იმდენად მრავალფეროვანი, რომ თავიდან არც კი გვეგონა, თუ ამხელა მასშტაბებს შევწვდებოდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ სხვადასხვა იაპონური და ქართული კომპანიების მხრიდანაც. იაპონიის საელჩო და თავისუფალი უნივერსიტეტი მხარს გვიჭერს.
„ნაცუ მაცურის“ შიდა სამზარეულო
ფესტივალზე შეხვდებით იაპონური კერძებისთვის გამოყოფილ იაპონური სტილის “იატაი“ დახლებს. ასევე, მიკო-სანი გვეყოლება. გაიგებ, თუ რას გიმზადებს საკუთარი ბედი, რა თქმა უნდა, იაპონურ სტილში. გაიმართება ქოსფლეი სცენაზე, წარმოდგენებითურთ, და ჩატარდება სიმღერის კონკურსი. იმისთვის, რომ ყველაფერი ხარისხიანად წარიმართოს, სპეცეფექტებისთვის დაქირავებული გვყავს რამდენიმე სპეცალისტი, იქნება ასევე ფოტო და ვიდეოგადაღება.
დრო ძალიან გათვლილი და გაწერილია, წამი წამში, როგორც იაპონელებს სჩვევიათ.
იხილავთ იაპონურ საშიშ ოთახს – „ობაკეიაშიკის“ რომელიც ზაფხულის ტიპის ფესტივალებს ხშირად ახასიათებთ. ჰმ, და კიდევ, „მეიდ კაფე“, სადაც ორ იაპონელ გოგოს მოჰკრავთ თვალს.
ორი ორიგამის მაგიდა, ყველა ვიზიტორისთვის, რომლებიც შეძლებენ სამახსოვრო ნივთის გაკეთებასა და სახლში წაღებას… ათასი წეროც გამოიფინება (იაპონური ლეგენდის თანახმად, ის, ვინც 1000 წეროს ქაღალდისგან გააკეთებს, ერთი სურვილი აუცილებლად შეუსრულდება. აქვე აღვნიშნავ, რომ გამოფენილი წეროების ავტორს, ის სანუკვარი სურვილი უკვე შეუსრულდა!).
შესრულდება მუსიკა მიაძაკის ფილმებიდან
კვალიაშვილების ოჯახი! შვიდი და-ძმა, რომლებმაც თავად გაარჩიეს ჯო ჰისაიშის კომპოზიციები. რაღაც გენური ნიჭია… ასეთი გუნდის აღმოჩენა საქართველოში ჩვენთვის კიდევ ერთი დადებითი შოკი აღმოჩნდა.
იაპონიის თითქმის ყველა უნივერსიტეტში შეხვდები საკურას. ფესტივალის დღეს, თავისუფალ უნივერსიტეტს გადავცემთ იაპონური საკურას ორ ხეს, რომლებიც ყოველ გაზაფხულზე ყვავილობენ. ეს იქნება სამახსოვრო საჩუქარი ჩვენი მხრიდან, ამასთან, ნებიმიერ მსურველს შეეძლება მოვიდეს უნივერსიტეტის ეზოში და დატკბეს საკურას სიმშვენიერით, გაიხსენოს პირველი იაპონური ფესტივალის დღე.
ქართულ-იაპონური ოცნება…
მე ვნახე, რომ იაპონიაში რამდენიმე ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის კულტურის წარმოჩენას ეთმობოდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ჩემი ქვეყანაც. ინსპირაცია აქედანაც წამოვიდა… თუ მოხდება უცხო კულტურის გავრცელება, ძალიან დადებითად იმოქმედებს არა მარტო შენს ქვეყანაზე, არამედ იმ ქვეყანაზეც, რომლის პრეზენტაციასაც ახდენ.
თან ზაფხულობით მაინცდამაინც გამორჩეული ღონისძიებების ნუსხა არ გვაქვს. ზაფხულია, ისმის კითხვა: „რა გავაკეთო?“. ეს ღონისძიება გვსურს გადაიქცეს ხალხისთვის დასამახსოვრებელი მოლოდინის საგნად. ასეთი ოცნება გვაქვს, რომ ყოველ წელს საქართველოში „ნაცუ მაცურის“ მოლოდინმა იარსებოს!
ლექსო მიგრიაული