სასკოლო კონკურსი -არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გამოვლენის, დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით
10 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება გაიმართება.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალურ სიგელებსა და საჩუქრებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე და არასამთავრობნო ორგანიზაცია ECOVISION-ის ხელმძღვანელი ნინო სულხანიშვილი გადასცემენ.
ღონისძიებას საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი დაესწრება.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურმა კონკურსმა – „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგი“, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა სახელწოდებით – „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ტრადიციები“ ქვეყნის სკოლებში უპრეცედენტო პოპულარობა მოიპოვა.
კონკურსში ჩართულმა თითოეულმა მოსწავლემ, კონკურსის თემიდან გამომიდინარე, საკუთარ რეგიონში თუ სოფელში მოიძია, დააფიქსირა, აღწერა და ფოტო და ვიდეოფიქსაციის მეშვეობით წარმოადგინა ბუნებასთან დაკავშირებული ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და წინაპრებიდან მოღწეული ბუნებრივი რესურსების გამოყენების უძველესი მეთოდები.
წელს კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის 200-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. კონკურსის შედეგად კი, 42 სკოლის 59 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა. კონკურსის მონაწილე 200-ზე მეტ საუკეთესო ავტორსა და მათ ხელმძღვანელს „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის“ წოდება მიენიჭა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით 2011 წლიდან UNESCO-ს „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ კონვენციის იმპლემენტაციის პროცესს ახორციელებს, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ღონისძიებებში ახალგაზრდობის ჩართულობასა და ინფორმირებულობასაც გულისხმობს. კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების მხარდაჭერით, გაზეთის „ახალი განათლება” რედაქციასთან და არასამთავრობო ორგანიზაცია ECOVISION მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.