გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოიტანეს.

ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი, პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გუშინ წარუდგინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ, სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ მას სასჯელაღსულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც 25 სექტემბერს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მითითებული გარემოება ოქროპირიძემ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც დაასახელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

გამოძიების მსვლელობისას დაიკითხა ათეულობით მოწმე. მათ შორის როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე პატიმრები. ჩატარდა ექსპერტიზები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და განხორციელდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის #8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ.ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის #8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას. რეალურად კი, როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ.ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები