პოლონური ხელოვნების ფესტივალი „არტიერიში – ურბანული სივრცე“ გაიმართება
10 ივნისს, 19:00 საათზე, პოლონური ხელოვნების ფესტივალი „არტიერიში – ურბანული სივრცე“ გაიხსნება. „არტიერიში 2015“ ლუბლინისა და თბილისის კულტურული თანამშრომლობის შედეგად 2014 წელს ჩატარებული ერთობლივი ფესტივალის გაგრძელებას წარმოადგენს.
რიგით მეორე ფესტივალის პროგრამა ეხმიანება თბილისის პრობლემებსა და საჭიროებებს, უპირველესად – ურბანულ სივრცესთან დაკავშირებულ საკითხებს. ინსტალაციები სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცებში, ვორკშოპები და შეხვედრები მიზნად ისახავს ყურადღების მიპყრობას ქალაქის ბუნებრივი ქსოვილის შენარჩუნებასა და განვითარებისაკენ.
ქალაქის სივრცეზე მანქანები, ავტოსადგომები და თანამედროვე შენობები ბატონობენ, რომლებიც ძველ არქიტექტურას, პარკებს და ქალაქის ჯეროვანი ფუნქციონირებისა და მისი მოსახლეობის სიჯანსაღისათვის აუცილებელ ღია სივრცეებს ქალაქიდან განდევნიან. ურბანული სივრცე უნდა ფორმირდებოდეს იმგვარად, რომ ის ხელს უწყობდეს ქალაქის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას. თანამედროვე ქალაქის ფუნქციური და სივრცითი მახასიათებლები ადამიანების მენტალობასა და ქმედითობას განსაზღვრავს და სოციალურ ურთიერთობებზე ზემოქმედებს. სათანადოდ ორგანიზებული საჯარო სივრცე განაპირობებს ცხოვრების ხარისხს და ზოგჯერ, განსაკუთრებულ შემთხვევებში – სიცოცხლის დაცვასაც. ქალაქი ისეთ ველს წარმოადგენს, სადაც მოსახლეთა თანაცხოვრება – უმეტესწილად, მათი ურთიერთსაპირისპირო საჭიროებებიდან გამომდინარე, – მოლაპარაკებათა განუწყვეტელი პროცესია.
ბალანსი მხოლოდ დიალოგის, ურთიერთგაგებისა და საჯარო სივრცის ხარისხზე პასუხისმგებლობის გაზიარების გზით მიიღწევა. პოლონელი ხელოვანების ნამუშევრების პარკებში, ქუჩებსა და შიდა ეზოებში წარმოდგენა მიზნად ისახავს, ხელოვნება ფართოდ გაავრცელოს და ისეთი ადამიანებისათვის გახადოს ხელმისაწვდომი, რომლებიც გამოფენების, „ჰეფენინგებისა“ და არტისტული ინსტალაციების დამთვალიერებლების რიცხვს დღემდე არ მიეკუთვნებოდნენ.
სახელოვნებო პრეზენტაციები გამდიდრებული იქნება პრაქტიკული ვორკშოპების სერიის სპეციალური პროგრამით, რომელიც ურბანული დაგეგმარების, გარემოსდაცვითი ხელოვნების, ურბანული ხელოვნებისა და სტრიტ-არტის საკითხებზე იქნება ფოკუსირებული. ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ლუბლინის კულტურის ცენტრი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო. პარტნიორები: თბილისის მერია, ლუბლინის მერია პარტიზანული მებაღეობა თბილისში. „თანადაფინანსებულია პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის ფონდის მიერ“.