ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივი“ 65 წლის იუბილე გაიმართება

10 ივნისს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივი“ 65 წლის იუბილე გაიმართება. „პირველსხიველები“-ს შემოქმედებით საღამოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასშტაბურად აღნიშნავს. ალმანახ „პირველი სხივის“ სახელს უკავშირდება XX საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატორთა თაობის ფაქტობრივად თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი მოღვაწის პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები.

უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე, რომელსაც დოცენტი ბესო ჟღენტი ხელმძღვანელობდა, პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა. ალმანახის დაარსების ინიციატივა უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნის. ალმანახის პირველი ნომერი 1950 წელს გამოიცა, 2004 წლამდე სულ 30 ნომერი დაისტამბა. 10 ივნისის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თაობის „პირველსხიველები“ – ჯანსუღ ჩარკვიანი, ტარიელ ჭანტურია, გივი ალხაზიშვილი, გივი შაჰნაზარი, თემურ ჩალაბაშვილი, რევაზ ამაშუკელი, ბესიკ ხარანაული, რევაზ მიშველაძე, ტარიელ ხარხელაური, ელა გოჩიაშვილი, ლია სტურუა, ვახტანგ ჯავახაძე, გიორგი კეკელიძე, გაგა ნახუცრიშვილი და თამარ ალადაშვილი; ასევე, ცნობილი მომღერლები და მუსიკალური ანსამბლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები