თანამედროვე ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენა გაიხსნება
10 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში თანამედროვე ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენა გაიხსნება. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, იხილოს ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 50 სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრის ბოლო პერიოდში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
პროექტის მიზანია ახალი სახელებისა და თაობათა შორის კავშირების წარმოჩენა, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნება და რა გავლენას ახდენს ზოგად ევროპულ არტ-სივრცეში განვითარებული მხატვრული პროცესები და გაბატონებული ტენდენციები ქართველ მხატვართა შემოქმედებაზე. გამოფენა ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების ოგანიზებით. გამოფენის მხარდამჭერები არიან: თბილისის საკრებულო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. გამოფენა 28 ივნისამდე გაგრძელდება.