მოხსენება და კვლევის ამსახველი გამოფენა – „ქართული ნახატი“ გაიმართება

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გრძელდება საჯარო შეხვედრების სერია.

10 ივნისს, 16:30 საათზე, გაიმართება მოხსენება და კვლევის ამსახველი გამოფენის გახსნა. მოხსენებას წაიკითხავს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის კვლევის ეროვნული ცენტრის მკვლევარი, მზია ჩიხრაძე.

მოხსენების თემაა: „ნახატის განვითარების ისტორია და თანამედროვე ქართული ნახატი“.

მოხსენების პირველი ნაწილი ნახატის განვითარების ანალიზს ეთმობა, მეორე ნაწილი კი ქართული ნახატის თავისებურებების და განვითარების გზების განხილავს აღნიშნული მხატვრების მაგალითზე. მოდერატორი თამთა-თამარ შავგულიძეა. ასევე, გ. ჩუბინაშვილის სახ. კვლევის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში ARS GEORGICA (საგამოფენო დარბაზი მდებარეობს საკონფერენციო დარბაზის გვერდით, ცენტრის შენობაში) გაიხსნება გამოფენა „ქართული ნახატი“.

გამოფენა „ქართული ნახატი“ ეძღვნება მზია ჩიხრაძის სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც განიხილავს თანამედროვე ქართული ნახატის განვითარების გზებსა და თავისებურებებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოთხი ქართველი მხატვრის: ედმონდ კალანდაძის, ზურაბ ნიჟარაძის, დიმიტრი ერისთავისა და გივი კასრაძის ნახატები.

ეს ის მხატვრები არიან, ვინც ქართულ ხელოვნებაში წარსულისა და მომავლის ქვაკუთხედზე იდგნენ და თავიანთი მხატვრობით განსაზღვრეს ის მიმართულება, რაც თანამედროვე ქართულმა ნახატმა დღეს მიიღო. ისინი შემოქმედებით ასპარეზზე 50-60-იან წლებში გამოვიდნენ და მათ სრულად შეეხოთ ის მოვლენები, რაც მაშინდელ სამხატვრო აკადემიაში მიმდინარეობდა.

მათი მხატვრობა ფესვებს რუსული აკადემიზმიდან იღებს, შემდგომ ისინი ეზიარნენ რენესანსულ მხატვრობას და პარალელურად აითვისეს XX საუკუნის დასაწყისის ევროპული მხატვრობის ახალი მიმდინარეობებიც. ამ საფუძვლებზე აღმოცენებული თითოეული მათგანის შემოქმედება თავისებურად განვითარდა და განსაკუთრებული მხატვრული სახე მიიღო. თითქმის ექვსი ათეული წლის მანძილზე მოღვაწე ეს მხატვრები, განსხვავებულ მხატვრულ ამოცანებს ისახავენ და მიზანმიმართულად იღწვიან მათ დასაძლევად. შესაბამისად, მიუხედავად რიგი საერთო ნიშნებისა, განსხვავებულია მათი შემოქმედებითი მიღწევები, მხატვრულ-ესთეტიკური სახე, თითოეული მათგანის მიერ შექმნილი მხატვრული სისტემა. ამ განსხვავებულ მხატვრობათა ერთიანობა ქმნის თანამედროვე ქართული ნახატის საინტერესო, მარავალფეროვან და, იმავდროულად, მნიშვნელოვან ნაწილს.

მზია ჩიხრაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე 1988 წლიდან მუშაობს, პარალელურად კი ლექციებს სხვადასხვა სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში კითხულობს, 2011 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის კათედრაზე ამერიკული ხელოვნების ისტორიას ასწავლიდა. 2011-2013 წლებში იყო მიწვეული პროფესორი ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც ასწავლიდა ქართულ მოდერნიზმს დასავლეთის თანადროული ხელოვნების ფონზე, მუშაობდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებთან, რომლებიც კავკასიის რეგიონითა და პოსტსოციალისტური, პოსტსაბჭოთა სივრცით იყვნენ დაინტერესებულნი. ამჟამად მზია ჩიხრაძე მუშაობს როგორც გ. ჩუბინაშვილის სახელობის კვლევის ეროვულ ცენტრში, ასევე გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები