ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს
ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კულტურის მინისტრმა დირიჟორი ირინე ლომინაძე დანიშნა.
„ქუთაისის საოპერო თეატრი, ძირითადად, უნდა იყოს ქუთაისელი მომღერლებით და მუსიკოსებით დაკომპლექტებული. ჩვენ ვაპირებთ, ჩავატაროთ კონკურსი და შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა ქუთაისის ოპერის თეატრს დამატებითი სოლისტების და მსახიობების მოწვევა სხვადასხვა თეატრიდან. ასევე, უახლოეს მომავალში უნდა აღდგეს ორი სპექტაკლი – „შერეკილები“ და „რიგოლეტო“. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, დღეის მდგომარეობით არადამაკმაყოფილებელია, თეატრის მსახიობებისთვის არ არსებობს კეთილმოწყობილი საგრიმიოროები, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა მოწესრიგდეს. ასევე, თეატრის ადმინისტრაციულ ნაწილში გადასახედია საშტატო ნაწილი”, – ამბობს ირინე ლომინაძე.
ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, როცა თეატრი დირიჟორმა გოგი ჭიჭინაძემ საკუთარი ნებით დატოვა.