საქალაქო სასამართლო ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე 24 საათის განმავლობაში იმსჯელებს
საქალაქო სასამართლო ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში იმსჯელებს – ამის შესახებ გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით, ცხადია, პატიმრობას მოითხოვს.
“პროკურატურას არავინ დაუჯერებს. პროკურატურა პროცესის გარეთ გადის და იაფფასიან ტრიუკებს აკეთებს. რას ჰგავს ეს და რასთან გვაქვს საქმე? პროკურატურა რასაც მოითხოვს, ეს, ცხადია. პატიმრობას მოითხოვს, რადგან ამისთვის გააკეთეს ეს სისულელე”, – აღნიშნა მოდებაძემ.
საქართველოს პროკურატურის მიერ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარედგინა. ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე კი, ოქროპირიძეს 9-თვიანი პატიმრობის ვადა 12 ივნისს ეწურება. ამ საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის გამოც ოქროპირიძეს 12 ივნისს საპატიმროს დატოვება უწევდა.