„კომედიის ფესტივალი 2015“

გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული, სახელმწიფო, დრამატული თეატრი „გიორგი ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალს“ მასპინძლობს. ფესტივალი ფონდ REG ART-ის პირველი მასშტაბური პროექტია და მასში წელს 15 თეატრალური დასი იღებს მონაწილეობას.
7 ივნისს გრანდიოზული საზეიმო ცერემონიალით გაიხსნა და 21 ივნისს დაჯილდოებით დასრულდება. ფესტივალი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „მთვრალი ალუბლები“ გაიხსნა და დახურავს თავისუფალი თეატრი სპექტაკლით „ვალსი ძილის წინ“. ფესტივალს ჰყავს პროფესიული ჟიური თეატრმცოდნე თეა კახიანის ხელმძღვანელობით.
განსხვავებით შარშანდელი დაჯილდოებისა, წელს ნომინაციების რაოდენობა შეიზღუდება. სპეციალური ჟიური მხოლოდ 6 ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულს: გრან-პრი; საუკეთესო რეჟისურა; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი; საუკეთესო მსახიობი ქალი; საუკეთესო მხატვრული ნამუშევარი; საუკეთესო მუსიკა (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მუსიკა იქნება სპექციალურად სპექტაკლისთვის დაწერილი); ხოლო ორგანიზატორი (რეგიონული განვითარების ფონდი) იტოვებს უფლებას ლილი იოსელიანის სახელობის პრემიის ლაურეატი დაასახელოს თავად. ასევე გამოვლინდება გორის მერიის რჩეული სპექტაკლი.
ფესტივალი ხორციელდება გორის მერის პატრონაჟით. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული, სახელმწიფო, დრამატული თეატრი, ლიბერთი ბანკი, ჯგუფი „ედვაიზი“ და „ბიზარტი“, ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“. საინფორმაციო მხარდაჭერები არიან: არტარეა, რადიო „იმედი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები