ცირა პაპინაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
9 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ცირა პაპინაშვილის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „წინათგრძნობა“ გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ტილოები, რომლებიც მეტაფორული შინაარსის მქონე კომპოზიციებით გამოირჩევა. მხატვრის აზრით, ექსპრესიონისტულ აბსტრაქციებში დაფლეთილი ფორმები და დრამატული ფერები გამოხატავს გამოფენის ძირითად აზრს – მატერიალური სამყაროს წარმავლობის წინათგრძნობას.
ცირა პაპინაშვილი ქართული გრაფიკული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ჰქონდა ორი პერსონალური გამოფენა და აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საქართველოში, ასევე იაპონიაში, რუსეთში, გერმანიასა და ჩეხეთში. მისი ნამუშევრები ინახება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში და, ასევე, საქართველოსა და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში. გამოფენა 2015 წლის 19 ივნისამდე გაგრძელდება.