პროკურატურა ნარკოტიკულ და სხვა მძიმე დანაშაულებზე საპროცესო გარიგებებს ამკაცრებს
პროკურატურა ნარკოტიკულ და სხვა მძიმე დანაშაულებზე საპროცესო გარიგებებს ამკაცრებს. აღნიშნული ინიციატივა მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს ეკუთვნის, რომლის თანახმადაც ნარკოტიკულ და განსაკურთებით მძიმე დანაშაულებზე საპროცესო შეთანხმების დადება ნაკლებად მკაცრი პირობებით გაჭირდება. საპროცესო შეთანხმების გაფორმების იმედი ასევე არ უნდა ჰქონდეთ იმ პირებს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გამოვიდნენ და დანაშაული ისევ ჩაიდინეს. როგორც გაზეთი „ვერსია“ წერს, აღნიშნული ინიციატივა გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა მოსალოდნელი შედეგის გათვალისწინებით, გარისკვა ღირს.
„ პირველ რიგში იმ პირებს, რომლებიც ათასგვარი პრეპარატითა თუ ქიმიური შენაერთებით ნარკოტიკს იღებენ და მოიხმარენ, ზუსტად ეცოდინებათ, რომ საკუთარი თავისა და გარშემომყოფთათვის ზიანის მიყენება ციხედ დაუჯდებათ, ანუ აღარ იქნება ის, რომ მოხმარებისთვის გადაიხადე ჯარიმა, გამოხვედი გარეთ და ახალი დოზის დამზადება დაიწყე. არ არის გამორიცხული, თავდაპირველად ამ ინიციატივამ ციხეების გადავსება გამოიწვოს და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქეთ მოუბრუნდნენ ამჟამინდელ ხელისუფლებას, ჩვენ რომ გვამუნათებდით, თქვენი ციხეც სავსეაო, მაგრამ მეორე მხრივ, მომხმარებლებს ეცოდინებათ, რომ სანქციები გამკაცრებულია, და რომ 2000 ლარის ნაცვლად არ გაათავისუფლებენ“, – წერს „ვერსია“.