მმართველობითი ეთიკა საქართველოში
ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად ეთიკური წონასწორობაა. დელიკატური ბალანსი მიღწეულია სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო ორგანოებს შორის. მოქალაქეები ფლობენ ინფორმაციას თუ რა მოეთხოვებათ, ბიზნეს ორგანიზაციები ფორმირდებიან თავიანთ ლიმიტებსა და შესაძლებლობებში, აღმასრულებელი ორგანოები აცნობიერებენ თავინთ როლს, პოლიტიკური ინსტიტუციები ბაზრის რეგულირებას უზრუნველყოფენ ხელშემწყობი კანონებით, ხოლო დამრღვევებისთვის წესდება სანქციები.
სტატიის ძირითად მიზანს წარმოადგენს მმართველობით გარემოში იმპლემენტირებული ეთიკური პრინციპების შეფასება.
კლასიკური გაგებით, ეთიკა არის იმ პრინციპების განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მოქმედების სწორი და არასწორი გზის გასარჩევად.
დღეს, ხელისუფლების მოქმედი თუ ყოფილი წარმომადგენლების „მმართველობითი გადაწყვეტილებების“ ეფექტურობა საზოგადოებრივი და პოლიტიკური დებატების შუაგულშია.
ქართული საზოგადოება ორგანიზებული და ცივილიზებულია, რომელიც არასდროს არ ეთანხმება სოციალ-ეთიკური და კულტურული ღირებულებების იგნორირებას. ქვეყანაში, მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს მმართველობითი გადაწყვეტილებები, პოლიტიკური აქტორების გავლენა, როლი და სოციალ-ეთიკური პასუხისმგებლობა.
ზოგადად, მმართველობით გარემოში მოქმედებს ეთიკური აზროვნების 3 ძირითადი პრინციპი:
- პასუხისმგებლობა (აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები პასუხს აგებენ თავიან ქმედებებზე);
- ანგარიშვალდებულება (აღმასრულებელი ორგანოები თავიანთი ქმედებების შედეგებით ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე);
- ვალდებულება (პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების კონცეფციები ვრცელდება კანონის არეალში).
მთავრობაში, ეთიკური გადაწყვეტილებები ქმნის მმართველობით კულტურას, პასუხობს გრძელვადიან ინტერესებს, სტიმულირებს ვალდებულების, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობითი გარემოს შექმნას.
აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილებით ფორმირდება მმართველობითი ეთიკური კულტურა, რაც გარანტირებს სწორ და სამართლიან ქცევას.
აღიარებულია, რომ ეთიკურ ქცევას არ გააჩნია ზედა ზღვარი. მისდამი ყურადღება იზრდება ეკონომიკური კეთილდღეობის დონისა და დემოკრატიული პროცესების პროპორციულად. ბოლო პერიოდში, აღნიშნული საკითხისადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. მიჩნეულია, რომ არაეთიკური გადაწყვეტილებები იწვევს არსებით დანახარჯებს, როგორიცაა: ფსიქოლოგიური, პირადი, ორგანიზაციული, საზოგადოებრივი.
მმართველობა განსაზღვრულია, როგორც სამართლებრივი ქცევათა და ნორმათა სისტემა. მართვა და ხელისუფლების კონფიგურაცია არსებითად სტიმულირებს ნაციონალური ეკონომიკის ზრდას და მძლავრი პოლიტიკური სისტემის შექმნას,
ცალკე აღნიშვნის ღირსია ვალდებულება, რომელიც პოლიტიკური სისტემის თვისებაა. პოლიტიკურ სივრცეში ხელისუფლების ყოფილ თუ მოქმედ წარმომადგენლებს უწევს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მოქმედების ალტერნატიულ გზებს შორის არჩევანს წარმოადგენს. რა არის სწორი მორალური არჩევანი? ნებისმიერი გადაწყვეტილებები შეიძლება განისაჯოს სხვადასხვა ეთიკური პრინციპებით.
გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის უნარის მქონე ფაქტორები დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. მათ შორის მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ინტერნეტ-ტექნოლოგიები.
ნებისმიერი ტექნოლოგია წარმოადგენს ძალაუფლების ტექნოლოგიას, რასაც სარგებელი მოაქვს მათთვის, ვინც მასში კომპეტენტურია. ამიტომ, ბოლო პერიოდში ტექნოლოგიებისადმი ხელისუფლების ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზრდა.
2015 წლის 3 ივნისს, OGP-ის ევროპის რეგიონალურ კონფერენციაზე ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ელექტრონული პეტიციების პორტალის შექმნის (ქვეყნის მმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით) შესახებ, 5 ათასი მოქალაქის ხელმოწერის შემთხვევაში.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის დასაწყისში, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, შესწავლილი იქნა ელექტრონული მთავრობისა და ღია მმართველობის პროცესი საქართველოში. კვლევისას დადგინდა, რომ ინტერნეტ-მომხმარებელთა 35,4%-ის მოლოდინს წარმოადგენს სახელმწიფო მართვაში ჩართულობა (რაც საჭირო ხელმომწერთა რაოდენობას 145-ჯერ აღემატება). ასევე, კვლევისას გამოვლინდა მომხმარებელთა შემდეგი მოლოდინი, როგორიცაა: მთავრობის მიერ მოქალაქეებთან დაახლოების საჭიროება, სახელმწიფოს გამჭვირვალობის ზრდა, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების ზრდა, გლობალური იმიჯის ზრდა და სხვა.
სახელმწიფო უწყებებში მნიშვნელოვანია ეფექტური გადაწყვეტილების მიღება და პრობლემების გადაჭრა კანონების “ნაცრისფერი” არეალის მიმართულებით, სადაც მოიაზრება ეთიკური პრინციპების დილემა და კანონიერი წესების დეფიციტი.
სახელმწიფოში, საზოგადოებრივი თანამშრომლობისათვის აუცილებელია მორალური თანხმობა (საკადრო გადაწყვეტილებებზე).
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კანონიერი და პოლიტიკური გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფს ტექნოლოგიების სოციალურად მისაღებ შედეგებს, ინოვაციასა და მოსახლეობის კეთილდღეობას. მომავალში, ტექნოლოგიები გაზრდის მმართველობის კონტროლის განხორციელების მცდელობას, იმ მიზნით, რომ ერთის მხრივ მიღწეული იქნას ინოვაციასა და კეთილდღეობის ბალანსი, ხოლო მეორეს მხრივ – საზოგადოებრივად სასურველ მიზნებს შორის ბალანსი.
ეთიკაში ნავარაუდებია, რომ მოქალაქე ზნეობის თავისუფალი წარმომადგენელია, რომელიც ფლობს არჩევანისა და კეთილდღეობის უფლებას. ასევე, მოქალაქე წარმოადგენს მთავრობას და მთავრობა წარმოადგენს მოქალაქეს. „მოქალაქეების კეთილდღეობისათვის“ საჭიროა:
- აღმასრულებელი უწყებების ქცევის პრინციპები, ჩამოყალიბდეს ეთიკურ კონტექსტში;
- ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება;
- საზოგადოებრივი ინსტიტუტების ეფექტური მართვა;
- მოქალაქეებთან „ნდობის სინდრომის“ შექმნა;
- ინიციატივების, პროგრამებისა და აქტივობების ზრდა;
- მართვაში ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარების ჩართულობა.
მმართველობის ეფექტურობა, საკადრო პოლიტიკის ფორმირებისას გათვალისწინებული განათლების ცენზი, სახელმწიფო სტრუქტურებში დოქტორის ხარისხის მქონე პირების დასაქმება, კარიერული ზრდის შანსები, სახელმწიფო პროგრამებისა და სტრატეგიების შესრულებაზე ვალდებულების ზრდა ქმნის მძავრ სახელმწიფო სისტემას.
შეჯამება
ამრიგად, სტატიაში შევეცადეთ, თეორიულ კონსტრუქციაში წარმოგვეჩინა ცალკეული ეთიკური პროცესები. იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს მძლავრი სახელმწიფო სისტემა, მაღალი დონის ეთიკური პასუხისმგებლობითა და კონტროლით.
სამწუხაროდ, სახელმწიფო პოლიტიკური გარემოში ბევრი ეთიკური პრობლემებია, რომელზეც უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. საკითხის შეჯამების საფუძველზე შესაძლებელია აღინიშნოს, რომ
- ქვეყანაში, აღმასრულებელი ორგანოს ყოფილი თუ მოქმედი პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილები თუ ქმედებები კოდიფიცირებული წესებით არ მიმდინარეობს. შესაბამისად, არ გვხვდება მორალურ-ეთიკური და ზნეობრივი კონსენსუსის მიღწევის წინასწარ დადგენილი ნორმები. ამიტომ, მთავრობა საჭიროებს ქცევის საერთო ეთიკური და სამართლებრივ ნორმებს, რაც განაპირობებს სახელმწიფოსა და საზოგადოების კეთილდღეობას;
- ელექტრონული მთავრობის გარემოში, პასუხისმგებლობა მხოლოდ ეთიკურ სტანდარტებს ეყრდნობა, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის იურიდიულ პასუხისმგებლობასთან. შესაბამისად, მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება, ძირითად შემთხვევაში, „პერსონალურ კომუნიკაციაზეა“ დამოკიდებული;
- მთავრობა პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, ამისათვის განსაკუთრებული ანგარიშვალდებული დამოკიდებულება და ინტერაქტიული კომუნიკაცია უნდა გააჩნდეს საზოგადოებრივ ჯგუფებთან (მეცნიერ-მკვლევარებთან, პროფესორებთან, ანალიტიკოსებთან);
- სოციალ-ეთიკური პასუხისმგებლობის ზრდისათვის უნდა გამკაცრდეს სამართლებრივი ნორმები. თუმცა, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა განხორციელდეს ეთიკურ ჭრილში (მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანილი ნივთებისა და ოქროს ნაკეთობების განკარგვა);
- „ღია მმართველობის“ პირობებში აღმასრულებელი ორგანოები უნდა დაინტერესდეს მეცნიერ-მკვლევართა კვლევებითა და სტრატეგიული გეგმებით, რომელიც შესაძლებელია სახელმწიფო მმართველობით საქმიანობაში იქნას გამოყენებული;
- ქვეყანაში საჭიროა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააფასოს მეცნიერ-მკვლევარის რესურსი, იმისათვის, რომ დაცული იქნას სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობა;
- ქვეყანაში პოლიტიკა და სახელმწიფო სისტემა კარგია, მაგრამ მისი იმპლემენტაცია საჭიროებს უკეთესს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბიუჯეტის თანხების გახარჯვა. მოკლედ რომ ვთქვათ, ფული არის, ხოლო მისი „განმკარგავ-დამხარჯავის“ არარსებობის პრობლემაა (მაგალითად, რეგიონული ფონდის თანხები). როგორც ვიცით, აღმასრულებელი მთავრობა, რეგიონებთან მიმართებაში ერთის მხრივ გვევლინება ცენტრალურ როლში, იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ახდენს მიზნების ფორმულირებას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას და ა.შ. მეორეს მხრივ, რეგიონებს უწევს კონსულტაციას, ფინანსურ და ექსპერტულ მხარდაჭერას. შესაბამისად, რაციონალურ მარცვალს წარმოადგენს იმის თქმაც, რომ ბიუჯეტის თანხების ათვისებაში მუნიციპალიტეტებს უნდა დახმარებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობითი რგოლები. ისინი ვალდებული იყვნენ, რეგიონების ხელშეწყობისათვის, მოეხდინათ რესურსებისა და ძალების კონცენტრირება (მაგ.: ადამიანური რესურსები, ფუნქციონალური სამსახურები), რაც ჯამში სახელმწიფო კეთილდღეობას შეუწყობდა ხელს;
- პოლიტიკურ სივრცეში არსებული მორალური პასუხისმგებლობა, მორალური წუხილი, მორალური მხარდაჭერა სანქციონირებული უნდა იქნას არა მხოლოდ სულიერი ზემოქმედების ფორმებით, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობით;
- აღიარებულია, რომ საზოგადოება ხელს უწყობს აღმასრულებელი ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს ვალდებულებების შესრულებაში, ღიაობის უზრუნველყოფაში, ეთიკური პრინციპების დაცვაში, თუ რა თქმა უნდა ხელისუფლება საზოგადოებას არ ესაუბრება „დისკრეციული უფლებებით“. სოციალური თანამშრომლობა, ხელს უწყობს სახელმწიფო კეთილდღეობის მიღწევას;
- დაბოლოს, შეიძლება დაისვას კითხვა, ვისურვებდით ცხოვრებას ისეთ პოლიტიკურ გარემოში, სადაც „პრინციპები“, რომელიც გვხდება, გახდება საზოგადოებრივი ორგანიზების პრინციპი?
ეკონომიკის დოქტორი
რატი აბულაძე